ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივის ცენტრალიზაციის პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა

0

3საჯარო რეესტრმა  ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცენტრალიზაციის პროექტის პირველი ეტაპი დაასრულა. სააგენტოს 65 ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში  დაცული ქაღალდის დოკუმენტები სრულად აღიწერა, საარქივო მასალა ერთიანი სტანდარტით დამუშავდა და ფიზიკურად თბილისში, სააგენტოს ცენტრალურ არქივში განთავსდა, სადაც  ქაღალდის დოკუმენტაციის შენახვისათვის  უსაფრთხო პირობებია შექმნილი.

ტექნიკური აღრიცხვის  დოკუმენტები, ხშირ შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ერთადერთი და ძირითადი საფუძველია. შესაბამისად, რეგისტრატორებს თითქმის ყოველდღიურად უხდებათ საარქივო მასალებთან შეხება. დოკუმენტების ნაწილი საკმაოდ ძველია და არსებობს რეალური საფრთხე, რომ ხშირი გამოყენების გამო შესაძლებელია საარქივო მასალა დაზიანდეს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ფიზიკური ცენტრალიზების პარალელურად მიმდინარეობს ქაღალდის დოკუმენტების დამუშავება და  ციფრულ ფორმატში გადატანა. ამ ეტაპზე  ელექტრონულ ფორმატში უკვე გადატანილია არქივის 50  % -ზე მეტი.

პროექტის მეორე ეტაპი, რაც ტექნიკური აღრიცხვის არქივის  სრულ ელექტრონიზაციას გულისხმობს,  გრძელდება და მისი დასრულება 2016 წლისთვის არის დაგეგმილი.

პროექტის ფარგლებში, ქაღალდის არქივის აღწერისთვის  შეიქმნა   მონა­ცემთა ელექტრონული ბაზა.  ამჟამად მოქალაქის მიერ მოთხოვნილი საარქივო ინფორმაციის მომზადება უკვე ცენტრალიზებულად ხდება.

ცენტრალიზებული და ელექტრონული არქივი,  უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო და საინფორმაციო მომსახურების ერთიანი სტანდარტებით განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა.

მოქალაქეებს ტექნიკური აღრიცხვის  არქივიდან დოკუმენტების და ინფორმაციის მიღება  ქალაქიდან, მუნიციპალიტეტიდან და ინტერნეტის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელადაც  შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, საქართველოს რომელ რეგიონში მდებარეობს უძრავი ნივთი.

ინფორმაციისთვის: 2004 წელს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივი  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადმოეცა.  თავდაპირველად, არქივში დაცული დოკუმენტების მოთხოვნის შესახებ მოქალაქეთა განცხადებებს საჯარო რეესტრის თანამშრომლები  სხვადასხვა  ჟურნალში ხელით აღრიცხავდნენ. თითოეული განცხადების რეგისტრაცია გარკვეულ დროს მოითხოვდა,  რაც  მომსახურების ხარისხზე უარყოფითად აისახებოდა და მოქალაქეთა უკმაყოფილებას იწვევდა. გარდა ამისა, სხვადასხვა რაიონის არქივში დაცულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ინფორმაციის მომზადება განსხვავებული მეთოდით ხდებოდა. შესაბამისად, ხშირი იყო არასწორი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გაცემა, რაც მოქალაქეებს დამატებით პრობლემებს უქმნიდა უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს.


Share.

Comments are closed.