სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს აფრთხილებს

0

საშემოდგომო ნათესების ნაპირებზე და  დაუთესავ ყამირ მიწებზე შეინიშნება მავნე მღრღნელების მოქმედი სოროები. აღნიშნული მიწის ნაკვეთები შეისწავლეს სიიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ოფისის სპეციალისტებმა, რომლებიც დაინტერესებულ პირებს მოუწოდებენ მოახდინონ საადრეო საგაზაფხულო წამლობა. მარცვლეული კულტურის ნათესებზე მავნე მღრღნელების წინააღმდეგ წამლობის დაწყებამდე და მის შემდეგაც, არენდატორმა თუ კერძო პირმა, ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მოსახლეობას და უნდა განათავსოს ტრაფარეტი იმის შესახებ, რომ ტერიტორია შეწამლულია.

„საშემოდგომო ნათესების ნაპირებზე შეინიშნება თაგვის მოქმედი სოროები. მავნე მღრღნელი კი ანადგურებს ხორბლის ძირებსა და ღივს. აქედან გამომდინარე სერიოზულ ზიანს აყენებს ნათესებს. ამიტომ აუცილებელია ნაკვეთი შეიწამლოს სხვადასხვა პრეპარატებით, რომელიც შესაძლებელია სახლის პირობებშიც მომზადდეს.  10 გრამ მოშხამულ-მისატყუარ მასალას დაამატეთ 380 გრ. დაღერღილი სიმინდი, ხორბალი ან ქატო, სუნიანი მზესუმზირის ზეთი და შაქარი ან ხილის ესენცია, რათა მიმზიდველი იყოს მღრღნელისთვის და ღრმად ჩაყარეთ მოქმედ სოროებში. გარდა ამისა შესაწამლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეპარატები: „შტორმი“ და „კლერატი“, რომლებიც დამზადებულია  ტაბლეტების სახით და ამავდროულად საკმაოდ მაღალეფექტურიცაა.

აუცილებელია შეწამვლის დროს გამოყენებული იქნას უსაფრთხოების ზომები. გამოიყენონ სპეც-ტანსაცმელი, ხელთათმანები და პირბადე. გარდა ამისა,  არენდატორებმა მიწის შეწამვლის დაწყებამდე აუცილებლად უნდა აცნობონ მოსახლეობას, რომ იწყება ამა თუ იმ მიწის ფართობის მოწამვლა.  მისი დასრულების შემდეგ კი განათავსონ სპეციალური ტრაფარეტი, სადაც მითითებული იქნება, რომ მიწის ნაკვეთი არის შეწამლული, რათა არ მოხდეს შინაური პირუტყვისა და ფრინველის მოწამვლა. ასევე უნდა გაითვალისწინონ რომ მოშხამულ-მისატყუარი მასალა უნდა განთავსდეს აუცილებლად სოროში, რაც შეიძლება ღრმად და არა მიწის ზედაპირზე“. – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ოფისის მთავარმა სპეციალისტმა ლია ბეჟანიშვილმა.

Share.

Comments are closed.