სახელმწიფოსაგან კომპენსაციას 28 მარჩენალდაკარგული ბოლნისელი ოჯახი მიიღებს

0

რუსუდან შაინიძე სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 500 ლარს მიიღებს. იგი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგრესიის დროს დაღუპული გმირის მეუღლეა. სახელმწიფოსგან კომპენსაციის აღება ბოლნისში სულ 28 ოჯახს შეეძლება. გარდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპული გმირებისა, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროების ინიციატივით დახმარებას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებიც მიიღებენ.

რუსუდან შაინიძე, ასლან შაინიძის მეუღლე:

_ ძალიან გახარებული და მადლობელი ვარ. სახელმწიფო არ ივიწყებს მათ ღვაწლს, ისინი ნამდვილად გმირები არიან. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და ეს თანხა დამეხმარება მათ სრულფასოვანი განათლება მივცე. ადრე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი პერიოდულად გვეხმარებოდა. მივესალმები მთავრობის  ახალ ინიციატივას.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ოჯახები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად ხუთას ლარს მიიღებენ, პარალელურად ეს ოჯახები შეინარჩუნებენ იმ დახმარებასაც, რომლითაც დღემდე სარგებლობდნენ. ყოველთვიური პაკეტით თანხა დაღუპული სამხედროების მშობლებს, მეუღლეებს ან არასრულწლოვან შვილებს დაენიშნებათ. განცხადებების მიღება გრძელდება. მოქალაქემ, ვისაც ვეტერანთა დეპარტამენტმა მიანიჭა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსი, საბუთები სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს. „ამ ეტაპზე ოცდარვა განცხადებაა შემოსული და აღნიშნული კატეგორია ყოველთვიურად მიიღებს კომპენსაციას სახელმწიფოსგან,  რაც ძალიან კარგი ინიციატივაა. თუკი ერთ გარდაცვლილზე 2 პრეტენდენტი განაცხადებს პრეტენზიას, განცხადების შემოტანის უფლება ორივეს აქვს, თანხაც შესაბამის შემთხვევაში ტოლ ნაწილად ჩაერიცხებათ, ასაკით პენსიონერებს კომპენსაციასთან ერთად უნარჩუნდებათ პენსიაც. ხოლო თუ ოჯახი სოციალური პაკეტის მფლობელი იყო, რომელშიც შედის მარჩენალ დაკარგულის, რეპრესირებულის და ინვალიდების პენსია, უწყდებათ და ყოველთვიურად ეს ოჯახები 500 ლარს მიიღებენ.” – აღნიშნა ბოლნისის სოციალური სააგენტოს მომსახურების ცენტრის უფროსმა ნინო მანაგაძემ.

სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დაღუპული გმირების ოჯახები სტატუსის შესაბამისად 22-დან 44 ლარს იღებდნენ. პირველი იანვრიდან კი მთავრობის გადაწყვეტილებით, ყოველი თვის ბოლოს 500 ლარს მიიღებენ. მომავალი წლიდან ეს თანხა გაორმაგდება და ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს 1000 ლარი დაერიცხებათ.

მაგდა დევნოზაშვილი

Share.

Comments are closed.