სახალხო დამცველი RMG-ის გაფიცულ და გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეხვდა

0

აქცია კაზრეთშიდაბა კაზრეთში საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ კომპანია RMG-ის გაფიცულ და გათავისუფლებულ თანამშრომლებს დღეს სახალხო დამცველი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარესთან ერთად შეხვდა. მუშახელმა უჩა ნანუაშვილს წლების მანძილზე შექმნილი მძიმე სოციალური პირობების, ჩაგვრისა და დამცირების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისინი საკუთარი ღირსებისა და უფლებების აღდგენას უკვე ორი კვირაა უშედეგოდ ითხოვენ. პარალიზებულია მთლიანად დაბა, სკოლაში შეჩერებულია სასწავლო პროცესი, დაკეტილია მაღაზიები, მოსახლეობა სოლიდარობას მუშა-მოსამსახურეებს უცხადებს.

უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი:

_ სიტუაცია დღეის მონაცემებით უკიდურესად მძიმეა, მალე შეიძლება პროცესები უმართავი გახდეს, ადგილი აქვს მუშა-მოსამსახურეების უფლებების უხეშ დარღვევას და მასობრივ გათავისუფლებას, მნიშვნელოვანია მათი მოთხოვნები, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს, მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ შეჩერებულია სასწავლო პროცესი. ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა.  ვფიქრობდი რომ აქ დამხვდებოდა ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი.  ჩამოვედი რომ მოვისმინო და ადგილზე შევისწავლო ყველა მხარის პოზიცია. პრობლემები ბევრია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაგროვდა.  საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ დაიწყონ სიტუაციაში გარკვევა და მოლაპარაკების დაწყება საწარმოს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სწორედ მთავრობის პოზიცია, საგანგებო სიტუაციების დროს მთავრობა მედიაციაში უნდა ჩაერთოს, დიალოგი უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება პროცესები უმართავი გახდეს.

როგორც საგაფიცვო კომიტეტის წევრები და RMG კოპერის პროფკავშირები აცხადებენ, გუშინ გუბერნატორთან შეხვედრა შედგა, რომელსაც ესწრებოდა საწარმოს ადმინისტრაცია და გენერალური დირექტორი.

„შევხვდით გუბერნატორს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარესთან ერთად, კომპანიის წარმომადგენლები 44 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას დაგვპირდნენ, ასევე აღნიშნეს, თუ საწარმოში  მდგომარეობა გამოსწორება, ეტაპობრივად ყველა თანამშრომელი აღდგებაო, თუმცა მუშა-მოსამსახურე უნდობლობას უცხადებს ამ ფაქტს, გუბერნატორმა ამ საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თავად აიღო. მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია ადმინისტრაციის შეცვლასთან დაკავშირებით, რომელიც გაჟღერდა. კომპანია წავიდა იმ დათმობაზე, რომ მოხდება რამდენიმე ადამიანის გაშვება, თუ იქნება მუშა-მოსამსახურის მხრიდან ყველა იმ ბრალდების წერილობითი დასაბუთება, რასაც მათ უყენებენ. იმედი მაქვს დიალოგის რეჟიმში საბოლოო შეთანხმება მოხდება“.- აღნიშნა RMG კოპერის პროფკავშირების თავმჯდომარემ ცირა მენთეშაშვილმა.

ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე:

_ აქციის მონაწილეების მოთხოვნა სამართლიანია, ადმინისტრაციაში დარჩნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჩადენილი კრიმინალი, ვითხოვთ მათ  გათავისუფლებას და თანამშრომლების აღდგენას.  რაც შეეხება მოლაპარაკებას, ჩვენ მზად ვართ. გუბერნატორთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ დღეს, პირველ საათზე შედგებოდა მოლაპარაკება ხელმძღვანელობასთან. მათ ჰქონდათ თავიანთი შემოთავაზებები, ჩვენ ჩვენი მოთხოვნა წავუყენეთ, ველოდებით მათ პოზიციას. ჩვენი უპირობო მოთხოვნაა, რომელიც არ შეიცვლება, გავაგრძელოთ დიალოგი და გადავწყვიტოთ ყველა ის პრობლემა, რაც აწუხებთ აქ დასაქმებულ ადამიანებს. მიეცეთ იანვრის თვეში კუთვნილი ანაზღაურება. წავიდნენ ის ადამიანები ვინც მუშახელი გაფიცვამდე და ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ასევე შედგეს კოლექტიური ხელშეკრულება, დარეგულირდეს ის საკითხები, რომელიც ეხება ზეგანაკვეთურ შრომას, ღამის საათებს, სამედიცინო მომსახურებას და ა.შ.

სახალხო დამცველმა და საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარემ ადმინისტრაციაში შესვლა ითხოვეს, თუმცა ე.წ. „შლაგბაუმთან“ მომუშავე დაცვის პოლიციამ შესვლაზე უარი უთხრა და აუხსნა, რომ კომპეტენტური პირები, ვისაც კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლიათ თბილისში, სათაო ოფისში იმყოფებიან.


Share.

Comments are closed.