რომელი კატეგორიის და რა დაავადების მატარებელ მოქალაქეებს დაეხმარება ბოლნისის მუნიციპალიტეტი 2014 წლის სოციალური პროგრამით

0

2014 წლის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით ქრონიკული დაავადებების მატარებელ ადამიანებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებსა და ონკოლოგიურ ავადმყოფებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მატერიალური დახმარება გაეწევათ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დაფინანსდებიან: ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ეპილეფსიით, პარკინსონიზმით, ბრონქიალური ასთმითა და ონკოლოგიურად დაავადებული პაციენტები. გარდა ამისა, ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ფსორიაზით დაავადებულ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს (მათ შორის 57 000-დან 100 000-მდე ქულა ვისაც აქვს მინიჭებული 2013-2014 წლებში), ფსორიაზით დაავადებულ იძულებით გადაადგილებულ პირებზე მატერიალური დახმარების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 700 ლარით.

სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისთვის ერთჯერადად 300 ლარით დაფინანსდებიან ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვები.

ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ კატეგორიებს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირველი და მეორე ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს; ოჯახებში რეინტეგრირებულ თითოეულ ბავშვს; 0-დან 18-წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, არ გააჩნია იურიდიული მარჩენალი და საჭიროებს მომვლელის დახმარებას; ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში.

ასევე სტაციონალური, ამბულატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დედ-მამით ობოლ ბავშვებზე და იძულებით გადაადგილებულ პირებზე.

საყოველთაო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედებამ, რომელშიც შედის ძვირადღირებული ოპერაციების 70%-ით დაფინანსება, შეცვალა ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა. მაქსიმალური თანხა, რაც აქამდე 3500 ლარი იყო, წლევანდელი პროგრამით 1000 ლარით განისაზღვრა.

„მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო დაზღვევით, 70%-ით ფინანსდება ოპერაციები, მაინც ბევრ პაციენტს სჭირდება დახმარება. მოსახლეობას არც დარჩენილი 30%-ის გადახდის საშუალება აქვს. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ მათ შევუმსუბუქოთ ცხოვრება. საკრებულოსთან შეთანხმებით მოხდა თანხის შემცირება, ერთჯერადი მატერიალური თანხის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1000 ლარით. თუკი ბიუჯეტში წინსვლა გვექნება დამერწმუნეთ, ბევრი კარგი რამ გაკეთდება მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სოციალური პროგრამები პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის” – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური მიგრაციის და ვეტერანთა სამსახურის უფროსმა ლალი ციხელაშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამაში წელს პირველად ჩაიდო დიალიზით დაავადებულ ადამიანთა მგზავრობის დაფინანსება. „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვყავს 13 ადამიანი, რომლებიც დიალიზის ანალიზს იკეთებენ მარნეულის საავადმყოფოში. ამ პროგრამაზე მყოფ ადამიანებს კვირაში ორჯერ ან სამჯერ უწევთ ანალიზის გაკეთება. ამიტომ საკრებულოს თავმჯდომარესთან და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან შეთანხმებით, თითოეულ ადამიანს ყოველთვიურად 50-დან 60 ლარამდე დაუფინანსდებათ სამგზავრო თანხა”- აღნიშნა ციხელაშვილმა.

ასევე მოხდება იმ მოქალაქეების დახმარება, რომელთა ოჯახები დახმარების მოთხოვნის მომენტში, სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს და ვერ ხვდებიან სხვა კატეგორიებში. ამ კატეგორიის მოქალაქეებზე საკრებულოს განკარგულებითა და დადგენილებით, განცხადებების საფუძველზე სოციალურ სამსახურს უფლება აქვს ადგილზე ნახვით და შეფასებით, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გასცეს ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

ნინო კარგარეთელი

Share.

Comments are closed.