როგორ აფასებენ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას ბოლნისელი ავტომფლობელები

0

წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს მუშაობა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებაზე.
„საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. მისი წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში დაახლოებით 71%-ს შეადგენს. ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე მწვავე მდგომარეობა თბილისშია, სადაც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1/3 და თავმოყრილია მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების 40%, რომლის წილი ქალაქის დაბინძურებაში 95%-ზე მეტია.
აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, რომლებიც საავტომობილო პარკის დაახლოებით 80%-ს შეადგენს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების რეგულირება საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხორციელდება, რადგან 2004 წლიდან მათთვის ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება ნებაყოფლობითია. (ვიდეო)
ქვეყანაში კატასტროფულადაა მომატებული ონკოლოგიურ დაავადებათა მაჩვენებელი. ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით მოქმედებს ბავშვებზე. ავტომანქანების ტექნიკური გაუმართაობა, გარდა ჰაერის დაბინძურებისა, მოქმედებს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობისა და სიცოცხლის რისკის ზრდაზე. შსს-ს ინფორმაციით, ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით, ათასობით ავარია ხდება, რომელთა დიდი ნაწილი მძიმე დაზიანებებით ან ლეტალური შედეგებით სრულდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო სფეროს ოპტიმიზაციისთვის ეტაპობრივი რეგულაციების შემოღების თაობაზე. ამ მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ და ავტორიტეტულ საერთაშორისო კომპანიებთან. ამ ეტაპზე გადაწყვეტილია , რომ საქართველოში შემოდის ევროპული „ხარისხის ნიშანი” – ასოციაცია TUV-ი, რომლიც ჩაერთვება ტექნიკური დათვალიერების სისტემის დანერგავში. ამავე დროს, მიმდინარეობს მოლაპარაკება TUV-ის სხვა სფეროებში ჩართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება, მასწავლებლების გადამზადება და სხვა.
TUV-ი ეს არის ტექნიკური ინსპექციის ასოციაცია, რომელიც 130 წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს გერმანიაში და ახორციელებს ნებისმიერი სახის ტექნიკური დანადგარის შემოწმებას. ფრანგულ SGS-თან ერთად TUV-ი წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ სერტიფიცირების უფლების მქონე კომერციულ სტრუქტურას. გერმანიაში ყველა ავტომობილი TUV-ის მიერაა შემოწმებული. ტექნიკური დათვალიერება სავალდებულოა ყველა ევროპულ და განვიტარებულ ქვეყანაში.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება 2015 წლის 1 მარტიდან. უახლოესი თვეების მანძილზე შსს მომსახურების სააგენტო ჩამოაყალიბებს იმ ნორმებს და სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც ინსპექტირება განხორციელდება, სადაც გათვალისწინებული იქნება საქართველოში არსებული მდგომარეობა.
მთავრობის ეს გადაწყვეტილება უდიდესი მნიშვნელობისაა მოქალაქეთა ჯანმრთელობის, ჯანსაღი გარემოს შექმნისა და სიცოცხლისათვის საშიში რისკების შემცირების უზრუნველყოფისათვის. წინასწარი პროგნოზით, სისტემის ამოქმედებიდან ერთ წელიწადში მავნე გამონაბოლქვის ზემოქმედება შემცირდება 25 პროცენტით. მომდევნო წლებში, თანმიმდევრული, კომპლექსური ღონისძიებების ერთობლიობით.“- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

6 თებერვალს  მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ტექნიკური უსაფრთხოებისა და სერტიფიცირების სფეროში საერთაშორისო კომპანია ,,TUV Rheinlend Group”-ის წარმომადგენლებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და აკრეტიტაციის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ბრიფინგზე საქართველოში ავტოსატრანპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე პერიოდული ტესტირების პროექტის შესახებ ისაუბრეს და დეტალები განიხილეს, ასევე, იმ მოთხოვნებსაც შეეხნენ, რომლებიც აღნიშნული მომსახურების საქართველოში დანერგვისთვისაა აუცილებელი.
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე პერიოდულ ტესტირებას კომპანია ,,TUV Rheinlend Group”-ი განახორციელებს. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ.
როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ოთარ დანელიამ განაცხადა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი დეტალის დამუშავება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ტექდათვალიერების ღირებულება დღეს, კატეგორიების მიხედვით 48 ლარიდან 102 ლარამდეა და, როგორც დანელიამ აღნიშნა, მსუბუქი ავტომობილებისთვის 48-ლარიანი ტარიფი არ შეიცვლება.

ტექდათვალიერებისას ავტომობილი უნდა შეესაბამებოდეს პასპორტში არსებულ ტექნიკურ მონაცემებს. მაგალითისთვის, თუ ავტომანქანა არის ,,ევრო-1″-ის სტანდარტის, მან აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს ეს სტანდარტი. რაც შეეხება მარჯვენასაჭიან ან საჭეგადატანილ ავტომობილებს, დანელიას თქმით, დაელოდებიან ექსპერტთა დასკვნას და კონკრეტული გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული.

მისივე თქმით, არანაირი შეზღუდვები არ წესდება ავტომანქანის ასაკზე. ტექდათვალიერების პერიოდულობა კი შესაძლოა 1-დან 10 წლამდეც იყოს.

“ტექდათვალიერება დაიწყება 2015 წლის მარტიდან, თუმცა ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. ეს არის დაგეგმილი თარიღი, ძალიან ბევრი ნიუანსი და დეტალია გასარკვევი. საჭიროა ექსპერტების დასკვნა, მათი რეკომენდაციები, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და არსებულ მდგომარეობასთან ამ ყველაფრის შესაბამისობაში მოყვანა, რაც ასევე პასუხობს იმ ევროდირექტივებსა და ევროსტანდარტებს, რაც დადგენილია. ვფიქრობთ, დავიწყებთ კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის ფორმატს “TUV Rheinlend Group”-თან, კონკრეტულად რამდენი შემოწმების ცენტრი ექნება არსებულ ავტომობილებს. დღეს არის მსუბუქი ავტომობილების ინსპექტირების  44-მდე წერტილი, სავარაუდოდ ეს რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ძირითადი მოთხოვნები რაც არის, იქნება მაქსიმალურად უმტკივნეულო, ეს არ იქნება რაღაც განსაკუთრებულ ტექნიკურ პარამეტრებთან დაკავშირებული. აქ საუბარია უსაფრთხოების ღვედზე, სამუხრუჭე სისტემაზე, მაშუქებზე, მხედველობის არეეებზე, სარკეებზე და ასე შემდეგ, ძალიან ელემენტარულ თემებზეა საუბარი. შესაბამისად, ჩვენ გვექნება სამოქმედო გეგმა. თუნდაც გერმანიაში 360 შემოწმების კრიტერიუმია, რომლებიც ჩვენთვის ცოტა ნაადრევია. იქნება სამოქმედო გრძელვადიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც გაიწერება მაქსიმალურად სასურველი შემოწმების კრიტერიუმები და მისი განვითარების ეტაპობრივი გეგმა”, – განაცხადა შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ოთარ დანელიამ.


Share.

Comments are closed.