„ქვემო ქართლის მოსახლეობა აუცილებლად მიხვდება, რომ ყოველი ჩემი სიტყვა საქმითაა გამყარებული”

0

როგორი სამსახურეობრივი წარსული აქვს, რა ქონებას ფლობს, როგორი მდგომარეობა დახვდა რეგიონში და რის გაკეთებას აპირებს ქვემო ქართლის გუბერნატორი.

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტზე 2013 წლის 13 დეკემბერს წარადგინა და აღნიშნა, რომ პროფესიით იურისტი გიორგი მღებრიშვილი სამართლებრივ სისტემაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა.

ვრცელია ჩამონათვალი მისი საქმიანი მოღვაწეობის შესახებ.  გიორგი მღებრიშვილი  თბილისში 1970 წლის 9 მაისს დაიბადა. 1987 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №130-ე საშუალო სკოლა. სამხედრო სავალდებულო სამსახური ამიერკავკასიის სამხედრო კორპუსის კავშირგაბმულობის №39419 სამხედრო ბატალიონში მოიხადა. 1990 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 1996 წელს, სრული კურსის დასრულების შემდგომ, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია სამართალმცოდნის სპეციალობით.

სამსახურეობრივ კარიერას 1997 წელს იწყებს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში სტაჟიორად. 1998 წელს დაინიშნა  გამომძიებლის თანამდებობაზე,  თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ნის საგამოძიებო სამსახურში. 1998 -2004 წლის მარტის თვის ჩათვლით შსს საგამოძიებო დეპარტამენტში სხვადასხვა დანაყოფებში,  გამომძიებლის თანამდებობაზე, კერძოდ: ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის და სატრანსპორტო საგამოძიებო სამმართველოებში. 2004 წლის მარტიდან შსს სტრუქტურიდან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ფინანსურ პოლიციაში გადადის გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ თანამდებობაზე იმუშავა 2007 წლის ოქტომბრის  ჩათვლით. ამავე წლის ნოემბერში დაინიშნა რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთი”-ს საბაჟო საგუშაგო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო კონტროლის განყოფილების უფროსად. 2008 წლის მარტში ინიშნება შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგ. ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო ოპერაციების დამუშავების “საპატრულო” განყოფილებაში უფროსის თანამდებობაზე. ამავე წლის ივნისის თვეში გადადის რუსთავის რეგ. ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2010 წლის იანვრის თვეში  შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგ. ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, 2011 წლის იანვრამდე. ამავე პერიოდიდან დაინიშნა შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთ. სამმართველოს დასავლეთის პორტალის უფროსის თანამდებობაზე. 2011 წლის მაისში შემოსავლების სამსახურის მიმდინარე კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ გადადის. ამავე წლის მაისის თვეშივე ხსენებულ დეპარტამენტს შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტი, ახალი სახელწოდების სამსახურში ინარჩუნებს  დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2012 წლის ივნისში ინიშნება პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, ხოლო 2012 წლის ივლისის თვეში – საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2012 წლის ნოემბრის თვეში დაინიშნა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსად, სადაც იმუშავა 2013 წლის აპრილის თვემდე. ხოლო აპრილიდან ივლისის თვემდე მუშაობას აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2013 წლის ივლისის თვიდან გუბერნატორად დანიშვნის დღემდე, შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს-ოფიცრები უშიშროების საკითხებში _(მთავარი სამმართველოს) უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია გიორგი მღებრიშვილმა ბოლოს 2014 წლის იანვარში, გუბერნატორის რანგში შეავსო. დეკლარაციაში ოჯახის წევრთა შემადგენლობა ასე გამოიყურება: მეუღლე- ნინო გედევანიშვილი, შვილი – ელენე მღებრიშვილი. მღებრიშვილების უძრავი ქონება: გიორგი მღებრიშვილი მიწის ნაკვეთი წავკისი, ჩერონი, ფართობი – 900.00 კვ.მ, მიწის ნაკვეთი წაღვერი, აღმაშენებლის ქ.№ 75, ფართობი – 1000.00 კვ.მ, ბინა თბილისში, ფოთის ქ.№3, ფართობი – 100.00 კვ.მ, მიწის ნაკვეთი წაღვერი, ბორჯომ-ბაკურიანის გზა, ფართობი – 2000.00 კვ.მ, საცხოვრებელი სახლი წაღვერი, აღმაშენებლის ქ. №75, ფართობი – 90.00 კვ.მ.  უძრავ ქონებას გუბერნატორის მეუღლეც ფლობს, ნინო გედევანიშვილის სახელზეა  რეგისტრირებული ბინა თბილისში ალ.ყაზბეგის გამზ. №47ა, ფართობი – 120.00 კვ.მ.

გიორგი მღებრიშვილს ეკუთვნის მერსედესის მარკის ავტომობილი, რომლის შესაძენადაც დეკლარაციის მიხედვით გუბერნატორმა 17000 ლარი გადაიხადა.

მღებრიშილები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს და არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. დეკლარაციის შევსების დროს, ბატონი გიორგი ნაღდ ფულს – 20 000 ლარს, ქალბატონი ნინო კი 7600 ლარს ფლობდნენ.

2013 წელს მღებრიშვილმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მრჩეველის პოსტზე მუშაობისას 41262.00 ლარი, ხოლო ნინო გედევანიშვილმა ლიბერთი ბანკის ოპერატორის პოზიციაზე 10070.00 ლარი შემოსავალი მიიღეს.

იპოთეკური სესხი აქვს აღებული გუბერნატორს კორსტანდარტ ბანკიდან 2011 წელს, 12 000.00 ლარის ოდენობით.

2013 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი მღებრიშვილების სამსულიან ოჯახში არავის მიუღია.

გიორგი მღებრიშვილი ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორების ჩამონათვალში მეექვსეა. ორი თვეა პოსტი ჩაიბარა და ამბობს, რომ ეს პერიოდი პრობლემების შესწავლის პროცესს მოანდომა.

_ ბატონო გიორგი როგორ შეაფასებთ განვლილ ორ თვეს, როგორ დაგხვდათ რეგიონი?

_ ზედაპირულად რაც ჩანს, ამას თქვენც ხედავთ, მაგრამ რაც სიღრმეში  შევდივარ, პრობლემების მეტი არაფერი  მხვდება. თუმცა, რაც მეტ სირთულეს ვხედავ, მით უფრო ვძლიერდები, მობილიზება მემატება.

_ მაინც რა არის ამ ეტაპზე რეგიონში ნომერ პირველი პრობლემა?

_ ეს არის წყალი, როგორც სასმელი ასევე სარწყავი. მოგეხსენებათ, რეგიონი და აქაური მიწა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წელიწადში ორჯერ-სამჯერ მოვიწიოთ მოსავალი. თუ არ მოხდა მიწის მორწყვა, მაშინ შეიქმნება პრობლემები. ვერ წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა 21-ე საუკუნეში წყლის პრობლემა მდგარიყო. კრიტიკა არ არის ჩემი საქმე, მაგრამ არ შეიძლება კრიტიკული თვალით არ დაინახო ის, რაც აქამდე კეთდებოდა. ჩემთვის გაუგებარია, იხარჯებოდა ათიათასობით, მილიონობით ლარები იმისათვის, რომ სოფლებს ჰქონოდათ სასმელი წყალი, მთავრდებოდა პროექტი და წყალი არ მოდიოდა. გაითხრებოდა, ჩაიყრებოდა მილები, ზარზეიმით გახსნიდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი იყო ნული. არ შეიძლება წყლის პრობლემა ჰქონდეთ სოფლებს, რომლებიც წყალზე დგას. ნება იყო საჭირო, რომ ეს გაკეთებულიყო, თანხებიც საკმარისი იყო.

_ ახლა არ არის თანხები?

_ თანხები არის, მოდით ნუ ვიჩქარებთ.  უკვე გვაქვს დამტკიცებული პროექტები, რომლებიც წყალმომარაგებას შეეხება და ქვემო ქართლის ბევრ  სოფელს მოიცავს. სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება და უმოკლეს ვადებში დასრულდება. წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გადაჭრას ერთ თვეში ნუ მოვითხოვთ. მოგეხსენებათ, მოწვეული გვყავდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობა და ამ საკითხებზე ისინი აქტიურად მუშაობენ. მოხდება ადგილებზე ტერიტორიებისა და დებეტის შესწავლა. ასევე, ქვემო ქართლის წყალგაყვანილობის სისტემების რეაბილიტაციის პროცესში აქტიურადაა ჩაბმული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ბიუჯეტიდან ქვემო ქართლის წყალმომარაგების პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი თანხებია გამოყოფილი.

_ მოსახლეობა მეტ ქმედით ნაბიჯებს ელის…

_ რაც შეიძლება  გაკეთდეს ჩვენი მხრიდან, ვაკეთებთ. უბრალოდ  ქართული ხასიათია, რომ ყველაფერი უცებ გვინდა,  მაგრამ ერთი ხელის მოსმით პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ.

_ გარდა წყლის სისტემებისა, კიდევ თუ არის სხვა მასშტაბური პრობლემა, რომელიც ასევე მთლიან რეგიონს მოიცავს?

_ არის მიწის პრობლემები. მიწები გასხვისებულია სხვადასხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, უცხოელებზე, რაც იწვევს სერიოზულ უკმაყოფილებას მოსახლეობაში, ვინაიდან აღარ დარჩათ აღარც საძოვრები და არც სახნავ-სათესი მიწები.

_ უკვე გასხვისებულ მიწებზე რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, ამ კუთხით როგორ შეძლებთ მოსახლეობის დახმარებას?

_ ადგილობრივ ხელისუფლებას მიწის პრობლემებთან დაკავშირებით ნაკლებად შეუძლია რაიმე სახის ქმედება, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების ზემდგომ ინსტანციაში უკვე დავსვით აღნიშნული საკითხი. ჩემი ინფორმაციით, უწყებათაშორის კომისიაში იხილება ეს პრობლემა და ალბათ მიიღება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არც კერძო მესაკუთრეს დააზარალებს და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიც დაცული იქნება.

_ თუ შეხვდით ბოლნისის მოსახლეობას?

_ ბოლნისის მოსახლეობას არაფორმალურ გარემოში  შევხვდი. ეფრემ ასურის ხსენების დღეს გახლდით ჩასული ბოლნისის სიონში. მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე მოსახლეობასთან ჯერ არ მისაუბრია. რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში ყველა სოფელს მოვინახულებ. მინდა პირადად  გავესაუბრო მოსახლეობას,  თუმცა  არსებულ პრობლემებზე ალბათ ახალს ვერაფერს მეტყვიან. თითოეული სოფლის პრობლემას სიღრმისეულად ვეცნობი. მსურს გავითავისო ამ ადამიანების ტკივილი და გამოვკვეთო პირველადი საჭიროებები. მე დავპირდები მხოლოდ იმ რწმენითა და მტკიცე ნებით, რომ  ჩემი ნათქვამი ლიტონ სიტყვებად არ დარჩება. ქვემო ქართლის მოსახლეობა აუცილებლად მიხვდება, რომ ყოველი ჩემი სიტყვა საქმითაა გამყარებული.

_ და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ?

_ ეს ჩემი სტილი არ არის.  ასეთი მიდგომა ყოველთვის მაღიზიანებდა. მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხალხში გასვლა და დაპირებები  არის მოსახლეობის შეურაცხყოფა. ეს იყო მანკიერი ტენდენცია, რომელსაც მთელი არსებით ვეწინააღმდეგები. 24 საათიან რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ, არჩევნებიდან არჩევნებამდე. ჩემი პოზიცია უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელსაც არ გავურბივარ. გუბერნატორი არაა არჩევითი თანამდებობა. ხალხი ბრძენია და აუცილებლად  დაინახავს, რომ  სინამდვილეში ეს გულწრფელი სამუშაო პროცესია, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული. შედეგი კი დადგება მაშინ, როცა ადგილობრივი მოსახლეობა უშუალოდ იგძნობს ყოფითი პირობების გაუმჯობესებასა და სასიკეთო ცვლილებებს.

_ რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე რას გვეტყვით, როგორ ფიქრობთ, სწორად შეირჩა პრიორიტეტები?

_ წყლის სისტემები და გზების რეაბილიტაცია, ეს იქნება ძირითადი მიმართულებები. ასევე ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე მოგვარდება სოციალური პრობლემებიც, მაგრამ თუ ადამიანს წყალი არ მიეწოდება, ძალიან ძნელია მას სხვა რამეზე ელაპარაკო და სარიტუალო დარბაზები აუშენო. მძიმე მდგომარეობაა გზებთან დაკავშირებით, ეს უნდა ამოვწუროთ. არის სოფლები, სადაც წვიმის დროს გზა ისე ტალახდება, რომ ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან. ქვემო ქართლში 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 17 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით 16 მილიონამდე ლარს მიიღებენ, რომლითაც 49 პროექტს განახორციელებენ. ეს თანხები ძირითადად წყლისა და გზების პრობლემების მოგვარებას მოხმარდება.

_ როგორია თქვენი პოზიცია საყდრისთან დაკავშირებით?

_  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირ გვევალება ხელი შევუწყოთ  რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, მათ რეაბილიტაციას, ეს ისეთი სენსიტიური თემაა, რომ მე დილეტანტის დონეზე ვერ დავიწყებ ამაზე საუბარს. ამ ეტაპზე ველოდები  იმ  პროფესიონალების  გადაწყვეტილებას, რომლებიც ჩართულები არიან აღნიშნული პრობლემის შესწავლის პროცესში.

_ რაც შეეხება კადრებს ადმინისტრაციაში, თქვენი გუნდით მოხვედით?

_ სულ ოთხი ადამიანი მოვიყვანე, დანარჩენი ძველი თანამშრომლები არიან და აგრძელებენ მუშაობას, რამდენიმე ადამიანი  საკუთარი განცხადებით წავიდა,  ოთხმა ატესტაცია ვერ გაიარა. მიმაჩნია, რომ თუ ადამიანი თავისი საქმის პროფესიონალია და კეთილსინდისიერია, ის უნდა დარჩეს.

bolnisi.ge


Share.

Comments are closed.