რა პრობლემებს უქმნის აზერბაიჯანულ მოსახლეობას ქართული ენის არცოდნა

0

shecvliliგასული წლების მონაცემებით ქვეყნის 4 მილიონ 37 ათასი მცხოვრებიდან 284 761 აზერბაიჯანელია. აქედან ბოლნისის მუნიციპალიტეტში 49 026, ხოლო ნახიდურში, რომელიც სიდიდით მეორე სოფელია, სამიათასამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ეს სოფელი, რომლის ძველი სახელი არახლო ყოფილა.

ისევე როგორც მთელ საქართველოში, ბოლნისშიც ეროვნული უმცირესობებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას სახელმწიფო ენის არცოდნა წარმოადგენს. ამ კუთხით არსებული პრობლემები სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში  მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია.

საბჭოთა პერიოდში რუსული ენა ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობების ძირითადი საშუალება იყო, გამომდინარე აქედან, ამ ენის ცოდნა აუცილებლობას წარმოადგენდა და კავშირის მასშტაბით განათლებისა და სამუშაოს მიღების პერსპექტივას იძლეოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეთნიკურ უმცირესობებს გაუჭირდათ დამოუკიდებელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირება ქართული ენის არცოდნის გამო. მოსახლეობაშიც არ იყო ქართული ენის სწავლისსურვილი, რადგან პრაქტიკული თვალსაზრისით რუსული ენის ცოდნაც საკმარისი გახლდათ. უფროსი ასაკის თაობისთვის დღესაც საკონტაქტო ენად რუსული რჩება. სახელმწიფო ენის ცოდნისადმი მსგავსმა დამოკიდებულებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა. მოსახლეობა, იმის გამო რომ ვერ ფლობს ქართულ ენას, ფაქტობრივად ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში პრაქტიკულად არ მონაწილეობს.

ლია გაბიძაშვილი, ნახიდურის საჯარო სკოლის დირექტორი:

_ სოფელში უფროსი ასაკის ხალხმა ნაკლებად იცის ქართული ენა, რადგან ისინი საკონტაქტოდ რუსულს იყენებენ. სახელმწიფო ენის არცოდნის გამო პრობლემები ექმნებათ დაწესებულებებში, ხშირად სჭირდებათ თარჯიმანის დახმარება, რაც დაკავშირებულია თანხებთან. ახალგაზრდა თაობები მიხვდნენ, რომ აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა. მშობლები უკვე აცნობიერებენ, რომ ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათმა შვილებმა უნდა იცხოვრონ საქართველოში და იცოდნენ ქართული ენა. ენა ვინც უკეთ იცის, ის განსხვავებულია, უფრო ამაყები და კონტაქტურები არიან. მათი აზროვნებაც სხვანაირია, სწავლას აყენებენ პირველ ადგილზე.

წლების წინ ენის არცოდნის გამო ის აზერბაიჯანელები, რომლებსაც უმაღლესი განათლების მიღება სურდათ, აზერბაიჯანში მიდიოდნენ უკეთესი მომავლისა და სამსახურის შოვნის იმედით, მათი უმეტესობა იქ რჩებოდა საცხოვრებლად. სახელმწიფო ენის არცოდნა ხელს უშლის მათ სრულფასოვანი განათლების მიღებაში და დასაქმებაში. ქართული ენის შესწავლის და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მოტივაცია გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო სახელმწიფო პროგრამამ „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”. სოფელ ნახიდურის სკოლაში უკვე წლებია აზერბაიჯანულის გვერდით ქართული სექტორი shecvlili2ფუნქციონირებს, სადაც 250 მოსწავლე სრულფასოვნად ეუფლება ქართულ ენას.

ბოლნისში მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს. ორგანიზაცია „ქალი და სამყაროს” ხელმძღვანელს მარინა ბჟალავს გავესაუბრეთ, რომელიც ენის ბარიერთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვესაუბრება.

„მოსახლეობა ამ ბოლო წლებში უფრო მეტად აცნობიერებს, რომ აუცილებელია იმ ქვეყნის ენის ცოდნა, სადაც ცხოვრობს, რადგან ბარიერი და გათიშულობაც სწორედ ენის არცოდნიდან ჩნდება. ვერ იგებენ სახელმწიფოში მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც ნამდვილად ტრაგედიაა სახელმწიფოსთვის, რადგან ქართული ენა არ იციან, საინფორმაციო საშუალებებსაც არ უყურებენ და ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. დამოკიდებულება ნამდვილად შეცვლილია ენის ცოდნასთან დაკავშირებით. თუმცა უფროსი ასაკის თაობა ფიქრობს, რომ ვერ შეძლებენ და გაუჭირდებათ ქართულის შესწავლა, მაგრამ ეს მათი ბრალი არ არის, საბჭოთა კავშირმა განაპირობა, რომ დღემდე საკონტაქტოდ რუსული ენა რჩება. უჭირთ სამუშაოს დაწყება, ამიტომ მშობლების უმეტესობა ცდილობს შვილებს ბაღის ასაკიდან ასწავლონ ქართული ენა. ეთნიკურ უმცირესობებში თანდათან გამოიკვეთა სახელმწიფო ენის შესწავლის სურვილი, მიუხედავად დადებითი ძვრებისა, პრობლემა რეგიონებისთვის აქტუალურია.”

მე-10 კლასის მოსწავლემ მერანუშ გუსეინოვამ აღნიშნა, რომ მას დიდი სურვილი აქვს საქართველოში გააგრძელოს სწავლა, რადგან ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისთვის, რომ ისწავლოს, დასაქმდეს და გამოადგეს როგორც თავის ოჯახს, ასევე სამშობლოს.

სოფელ ნახიდურის მოსახლეობა მიხვდა, რომ ქართული ენის ცოდნით თავიანთ ტრადიციებს და იდენტურობას კი არ კარგავენ, არამედ პირიქით, მათთვის უფრო მარტივი ხდება ქართულ მიწაზე ცხოვრება და ქართველებთან თუ არაქართველებთან ურთიერთობა, დასაქმება და ა.შ.

კითხვაზე, თუ რატომ უნდა ვიცოდე სახელმწიფო ენა _ სკოლაში ბავშვებისაგან საინტერესო პასუხები მოვისმინე: „იმიტომ რომ, ვიყო წარმატებული, წარმატებულ ქვეყანაში”, „ვიყო სრულფასოვანი მოქალაქე”, „მივიღო უმაღლესი განათლება”, „გამოვადგე ჩემს სამშობლო საქართველოს.”

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.