რა პირობებს უყენებენ მუშები კომპანია RMG გოლდსა და RMG კოპერს

0

დაბა კაზრეთში დილიდან საპროტესტო აქცია გაიმართა. RMG გოლდისა და RMG კოპერის თანამშრომლება, სამსახურიდან განთავისუფლებულ 184 ადამიანს სოლიდარობა  გამოუცხადეს. ისინი აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ, გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებას მოითხოვენ და სამსახურის ხელმძღვანელობას დიალოგისკენ მოუწოდებენ, თუმცა მათგან გამოხმაურება ამ დრომდე არ მიუღიათ. RMG გოლდის პროფკავშირების თავმჯდომარის აღნიშვნით,  ძირითადმა მუშახელმა შეწყვიტა საწარმოში სამუშაო პროცესი  და 14 თებერვალს დაგეგმილ გამოსვლას შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ მუშებმა პროფკავშირების საშუალებით განცხადებით მიმართეს ხელმძღვანელობას, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების 100% ზრდასა და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვას გეგმავდნენ. კომპანიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მოხდა თანამშრომელთა გათავისუფლება. გათავისუფლებული 180 ადამიანი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით რამდენჯერმე გამოვიდა, დღეს კი მათ სოლიდარობა მთლიანმა მუშახელმა გამოუცხადა. თანამშრომლები მძიმე სამუშაო პირობებზე კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას, ისინი დაშინებებზეც საუბრობენ, როგორც მუშახელი აღნიშნავს, საწარმოში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 500 ლარია, თუმცა იმ პირებს, ვისაც უმძიმესი სამუშაოს შესრულება უწევთ, 900 ლარამდე აქვთ ხელფასი.

ჯონი რთველაძე, RMG გოლდის პროფკავშირების თავმჯდომარე:

_  თითქმის ყველა მუშახელი შეუერთდა გათავისუფლებულ თანამშრომლებს. ნომერ პირველი მოთხოვნაა იმათი დაბრუნება, რომლებიც სამსახურებიდან უკანონოდ იქნენ გათავისუფლებულები, დანარჩენი მოთხოვნები უცვლელია. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კომბინატი  სრული დატვირთვით არა, მაგრამ მაინც აგრძელებს მუშაობასო, ეს სიმართლეს არ შეეფერება,  სამუშაო პროცესი იქ ნამდვილად  შეჩერებულია. დასაქმებულთა 90% გაფიცულია, იქ არის დარჩენილი იტეერის (ინჟინერ ტექნიკური პერსონალი) თანამშრომლები.   ჯერჯერობით გამოხმაურება არ ყოფილა საწარმოს ხელმძღვანელობის მხრიდან, თუ არ ჩავთვლით ზეწოლებს და დაშინებებს. დიალოგზე არავინ წამოსულა.

რუბენ ოსეფაშვილი, ყოფილი თანამშრომელი:

_ მიზეზი ნამდვილად არ ვიცი,  რატომ გამათავისუფლეს. 1997 წლიდან კომბინატში ვმუშაობთ სხვადასხვა სპეციალობებზე. კრიზისიაო, გვეუბნებიან, ხელმძღვანელობისთვის არ არის კრიზისი? ეს ხელოვნურად არის შექმნილი,

ამირან ხმალაძე, RMG გოლდის თანამშრომელი:

_ ვითხოვთ დააბრუნონ უკანონოდ  გათავისუფლებულები,  არანაირი დარღვევა არ ჰქონიათ, სმენიდან დაბრუნებულ თანამშრომლებს წერილი დახვდათ გათავისუფლების შესახებ.  გაუსაძლის პირობებში  ვმუშაობთ, თუმცა ვიტანდით, რადგან ხელფასი მაინც გვქონდა. ახლა 184 ადამიანი გაათავისუფლეს, ჩვენ სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ. ვითხოვთ ანაზღაურების გაზრდას. წინააღმდეგ შემთხვევაში დანებებას არ ვაპირებთ, მაშინ დაიკეტოს მთლიანი კომბინატი, წავიდნენ ესენი, გადაიფაროს დამცავი საშუალებით, რომ აღარ დავიწამლოთ. თუ წამოვლენ დიალოგზე და დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, დღესვე გავალთ სამუშაოზე, არ დაკმაყოფილდება და თვეები გაგრძელდება ეს აქციები. თვითონ მოიკლონ  ხელფასები და ვინც მუშაობს და წვალობს, იმას მისცენ შესაბამისი ანაზღაურება.

Bolnisi.ge კომპანიის პოზიციას მიღებისთნავე შემოგთავაზებთ.

Share.

Comments are closed.