„პურის ბზუალა“ ხორბლის ნათესებზე – რა საშიშროებას უქმნის ამ სახელწოდების მწერი მარცვლეულ კულტურას

0

სოფელ რატევანში არსებულ ხორბლის ნათესებზე ამიერკავკასიის პურის ბზუალა დაფიქსირდა. ტემპერატურის მატებასთან ერთად მატლი ნიადაგში უფრო და უფრო აქტიურდება და პირველ ეტაპზე ნათესის ჯეჯილს, შემდეგ კი თავთავს   ანადგურებს. მისი თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია დროული აღმოჩენა და მწერების საწინააღმდეგო პრეპარატით შეწამვლა. ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვ. ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ოფისი ნათესების მონიტორინგს აწარმოებს.

„ამიერკავკასიის პურის ბზუალა აზიანებს მარცვლოვან კულტურებს. პურის ბზუალა მატლის სახით იზამთრებს ნიადაგში და ტემპერატურის დათბობასთან ერთად აქტიურდება, ამოდის ნიადაგიდან და იწყებს ახლად ამოსული ჯეჯილის ფოთლების წვენის გამოცლას და განადგურებას. ამიტომ  მოვუწოდებ მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც დაკავებული არის მარცვლოვანი კულტურის მოვლა-პატრონობით, დააკვირდნენ  ხორბლის ნათესებს და თუ შეამჩნევენ, რომ  ჯეჯილზე ალაგ-ალაგ არის გაყვითლებული და მოტიტვლებული ადგილები, ესე იგი საქმე გვაქვს სწორედ ამ მატლებთან, რომელიც როგორც გითხარით, ჯერ აზიანებს ჯეჯილს შემდეგ კი მისი იმაგო, ანუ ზრდასრული ფორმა ანადგურებს ნათესის თავთავს. ამიტომ აუცილებელია დროული აღმოჩენა და მწერების საწინააღმდეგო შხამქიმიკატით შეწამვლა. თუ მოსახლეობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე დააინტერესებს, მობრძანდნენ, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ და მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია“. – განაცხადა ჩვენთან საუბრისას სიიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვ.ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ოფისის მთავარმა სპეციალისტმა ლია ბეჟანიშვილმა.


Share.

Comments are closed.