მირიან მეშველიანის პოეზიის საღამო

0

„რითმის ანშლაგი“ – ასე ერქვა პოეზიის საღამოს, რომელიც №1 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ მირიან ჩარკვიან-მეშველიანმა მსმენელს წარუდგინა. მირიანი ბავშვობიდან წერს, 4 თებერვალს მთავარი ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში მისი დებიუტი შედგა ფართო აუდიტორიის წინაშე.

„ადრე 20 თეთრიან ლექსებს ვწერდი, დღეიდან კი ვთვლი, რომ ლექსების ფასმა მოიმატა, ამ ლამაზმა საღამომ და საზოგადოებამ თითოეული სტრიქონი უფრო ძვირფასი გახადა. ჩემი სამომავლო გეგმები გერმანიას უკავშირდება, სადაც განათლების მიღებას ვაპირებ. აუცილებლად დავუბრუნდები საკუთარ ქალაქს და მიღებულ ცოდნას მოვახმარ ჩემს ბოლნისელებს. დღეს კი, სადაც ბოლნისური სიო გამაქროლებს, იქითაა მიმართული ჩემი სულიც და ლექსის სტრიქონებიც, რომლებიც არ მასვენებენ მთვარიან ღამეში. მადლობა ყველას, ვინც  ჩემს საღამოს ესწრებოდით, მადლობა მაგული გაბრიჭიძეს, მისი დამსახურებაა, რომ დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ. მადლობა მეგობრებს, ვინც გვერდს მიმშვენებდა და მადლობა ბოლნისს, რომელმაც ჩემში უამრავი მუზა გააღვიძა“.- აღნიშნა ჩვენთან საუბარში მირიან მეშველიანმა.

შთამბეჭდავი იყო საღამოს მუსიკალური ნაწილიც, რომელსაც მირიანის მეგობრებისაგან შემდგარი, ახლადჩამოყალიბებული ანსამბლი „ზენაარი“ ასრულებდა. როგორც გაირკვა ახალგაზრდებმა  პრეზენტაცია მეგობრის საღამოს სპეციალურად დაამთხვიეს.

დებიუტანტი პოეტის შემოქმედებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

ნაწყვეტი მირიანის ერთ-ერთი ლექსიდან:

რა დამავიწყებს, ღმერთო ჩემო, ანთებულ თვალებს,

ათი ოქტომბრის დედის გრძნობის ოქროსფერ ალებს?!

დამსკდარ იდაყვებს, ცომის ზელვით დახეთქილ მაჯებს,

ტანსაცმლისათვის მეზობლისგან აღებულ ვალებს.


Share.

Comments are closed.