მარნეულში სკოლამდელი აღზრდის საკითხებზე იმსჯელეს

0

მარნეულის  მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებამ“ მრგვალი მაგიდის ფორმატში ორგანიზებული შეხვედრა მოაწყო. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ქვემო ქართლის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის ცენტრების წარმომადგენლები, არასამთავრობოები და მედიასაშუალებები. შეხვედრის თემა იყო „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“  მიერ შემუშავებული კონცეფცია, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი განათლების ადვოკატირებას ადგილობრივი  თვითმმართველობების დონეზე. ვინაიდან სკოლამდელი განათლების მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობების ექსკლუზიური უფლებაა. ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ მიერ დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე შემუშავებული კონცეფცია გააცნეს სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს.

„ვფიქრობთ, არსებული მდგომარეობა საჭიროებს ადვოკატირების მასშტაბურ კამპანიას, რადგან  ეს სფერო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი სურვილია შევქმნათ ქვ.ქართლში არსებული სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისაგან შემდგარი ჯგუფების ქსელი, რომლის მიზანიც იქნება სკოლამდელი განათლების ადვოკატირება რეგიონის დონეზე“.- აღნიშნა bolnisi.ge -თან საუბარში ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ მიმდინარე პროექტის „სკოლამდელი აღზრდა _ ჩვენი უფლებაა“ კოორდინატორ-ანალიტიკოსმა თამარ მჟავანაძემ.

შეხვედრას მრგვალი მაგიდის ფორმატით ესწრებოდნენ განათლების სამინისტროსა და „კივიტას გეორგიკას“ წარმომადგენლები. მათ ორგანიზაციის წარმომადგენლებს დამატებითი ინფორმაციები მიაწოდეს ცვლილებების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ: „ვფიქრობ, რომ ყველა რგოლის გაერთიანებას შევძლებთ და იმ კანონპროექტში, რომელიც მზადდება და სავარაუდოდ გაზაფხულისთვის წარედგინება პარლამენტს, ჩვენი რეკომენდაციებიც იქნება ასახული“. – აღნიშნა თამარ მჟავანაძემ.

კონცეფცია, რომელზეც  შეხვედრაზე ისაუბრეს, გულისხმობს მონიტორინგის, ჟურნალისტიკის და თვით ადვოკატირების კომპონენტებს. თითოეული მუნიციპალიტეტიდან ორ წარმომადგენელს შესთავაზებენ, ორგანიზაცია დაეხმარება მათ კიდევ უფრო კარგად გაიაზრონ ეს კონცეფცია, აითვისონ  უნარჩვევები და თანამშრომლობის პერიოდში დაგროვილი მასალა მოთავსდება ინტერნეტ სივრცეში, ერთ კონკრეტულ ვებგვერდზე, რაც იქნება საშუალება იმისა, რომ ადვოკატირება გაეწიოს კონკრეტულ საკითხებს.

მარიამ  მოლაშვილი, განათლების და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების და განვითარების სამმართველოს თანამშრომელი:

„ეს იყო მართლა ეფექტური შეხვედრა, მოხდა აზრების ურთიერთგაცვლა, კარგი რეკომენდაციები გაიცა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის. მომავალში ეს პროექტი მართლა ნაყოფიერ  შედეგს გამოიღებს“.

აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე პროექტზე „სასკოლო მზაობის ცენტრები“, პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ახორციელებს პოლონური ორგანიზაცია „ედუკატორი“ „კივიტას გეორგიკასთან“ თანამშრომლობით.

„საქართველოში ხუთი წლის ბავშვების სკოლაში მიღების შედეგად კარგად გამოჩნდა, რომ ამ ასაკში ბავშვი ჯერ მზად არ არის დაიწყოს სწავლა ამჟამად მიღებული ფორმით, მაგრამ როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა, სხვა ფორმით, პროგრამით და მეთოდიკით 5 წლის ბავშვები ითვისებენ კარგად და სწრაფად სკოლისთვის აუცილებელ ცოდნას. თუ სკოლამდელი განათლება ხელმისაწვდომი იქნება 5 წლის ბავშვებისთვის, უზრუნველყოფს 6-წლიანების კარგ სასკოლო მზაობას. სკოლამდელი განათლების ხარისხი და საბოლოო მიზნები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული პირველი კლასების პროგრამასთან და მოთხოვნილებებთან. ერთობლივი პროექტი ითვალისწინებს სკოლებში ე.წ. სასკოლო მზაობის ცენტრების გახსნას, იქნება სულ 16 ცენტრი. მიიღებიან 5 წლის ბავშვები, ვისაც სკოლაში შესვლამდე დარჩა ერთი წელი. ცენტრები გაიხსნება სკოლებში, რომ იყოს უზრუნველყოფილი  პირველკლასელებთან ბმა“. – აღნიშნა „კივიტას გეორგიკას“ ხელმძღვანელმა გიორგი მესხიძემ.

მრგვალ მაგიდაზე განსახილველი თემის „სკოლამდელი განათლების ადვოკატირების კონცეფცია მუნიციპალიტეტის დონეზე“ ასევე მოხსენება გააკეთა პროექტის დირექტორმა ოლგა ენდელაძემ.

დასასრულს მონაწილეები გაერთიანდნენ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების თემებზე მომუშავეთა ქსელში და გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ბელა ონიანი


Share.

Comments are closed.