კომპანია RMG სახალხო დამცველს როგორც დასაქმებულების, ისე დამსაქმებლების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

0

დღეს კომპანია RMG -ის ხელმძღვანელობამ მორიგი პრესკომფერენცია გამართა.

„კომპანია RMG – საწარმოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული დარტყმა, როგორც კერძო ბიზნესზე, ასევე ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაზე.
უკვე ორი დღეა გრძელდება დიალოგი, რომელშიც ჩართულები არიან RMG-ის მენეჯმენტი, კაზრეთში მიმდინარე აქციის მონაწილეები, გაერთიანებული პროფკავშირები, ქვემო ქართლის მხარის რწმუნებული. 
საწარმოს თანამშრომლები რამდენიმე ძირითად მოთხოვნას აყენებდნენ:
1. სამსახურიდან გათავისუფლებული 182 თანამშრომლის აღდგენა
2. ანაზღაურების 100%-ით გაზრდა
3. სამუშაო პირობებისა და სადაზღვეო პაკეტების გაუმჯობესება
4. კომპანიის მენეჯმენტის შეცვლა
დღეისათვის მიღწეულია გარკვეული შეთანხმება, თუმცა, პროცესი კვლავ გრძელდება და იმედს ვიტოვებთ, რომ საკითხი გადაწყდება მხარეებს შორის კონსესუსის გზით და არა ერთი რომელიმე მხარის ინტერესების სასარგებლოდ და მეორის საზიანოდ.
დღეის მდგომარეობით, კომპანიის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კომპანია თანახმაა, რომ სამსახურში აღადგინოს 40 მდე განთავისუფლებული თანამშრომელი, ხოლო დანარჩენების დასაქმება უზრუნველყოს მას შემდეგ, რაც კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდება.
რაც შეეხება ხელფასების გაორმაგებას – ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა ჩენის მხრივ ვაცხადებთ, რომ სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება დიალოგის დაწყება ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით, კომპანიის ეკონომიკური ზრდის პარალელურად. ცნობისათვის: დღეის მდგომარეობით ჩვენს საწარმოში დასაქმებულთა ანაზღაურება საქართველოს სხვა ანალოგიურ საწარმოებში დასაქმებულთა ანაზღაურებასთან შედარებით უკეთესია;
ჯანდაცვის პაკეტთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია შეთანხმება სადაზღვეო კომპანია “ალდაგთან” პაკეტის გაუმჯობესების შესახებ და ის ძალში შევა ამა წლის აპრილიდან. ასევე, კომპანია ყოველთვის იზიარებდა იმ მოსაზრებას, რომ უნდა გაუმჯობესდეს შრომის და უსაფრთხოების პირობები დასაქმებულებისათვის და ამ მიმართულებით ჩვენ დაწყებულ მუშაობას გავაგრძელებთ.
რაც შეეხება მენეჯმენტის შეცვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნას, ეს მოთხოვნა საერთოდ დაუსაბუთებელია და ამის შესახებ გადაწყვეტილება ინვესტორმა უნდა მიიღოს.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმ ზარალისა, რომელიც კომპანიას ამ დღეების განმავლობაში მიადგა, ამ ეტაპზე არავინ ამახვილებს ყურადღებას კერძო ინვესტიციის დაცვაზე, ამგვარი ტენდენცია კი საბოლოოდ საფრთხეს უქმნის ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს.
დადებით მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სახალხო დამცველი დაინტერესდა მხარეებს შორის ურთიერთობის დარეგულირებაში ჩართვით, თუმცა ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურ პოზიციას უნდა გამოხატავდეს და თანაბრად უზრუნველყოფდეს როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის ინტერესების დაცვას.
კომპანიის მენეჯმენტი აცნობიერებს, რომ დაბა კაზრეთი და ბოლნისის რაიონი ეკონომიკურად მთლიანად დამოკიდებლია საწარმოს გამართულ მუშაობაზე და კომპანიისათვის შექმნილი სირთულეები რაიონის სოციალურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება (კოპანიის შენატანებით ფორმირდება ადგილობრივი ბიუჯეტის 90 პროცენტი). ამდენად, საერთო კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანია საზოგადოება და მთავრობა გაცილებით სერიოზულად მიუდგეს პროცესებს, რათა ცალმხრივი პოზიციით არ დაზარალდეს ინვესტორისა და ბიზნესის ინტერესი.
შეუძლებელია რაიონში არსებული ყველა პრობლემის მიგვარება მოვთხოვოთ კერძო კომპანიას. მიგვაჩნია, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაცვა, მათ ჯანმრთელობასა და საარსებო პირობებზე ზრუნვა, ისე როგორც უმუშევრობის ზოგადი პრობლემის გადაჭრა, ზოგადი სახელმწიფოებრივი ამოცანაა და არ იქნება სწორი ბიზნესსა და მეწარმეს მოვთხოვოთ ეს პრობლემები მოაგვაროს ხელოვნურად შექმნილი და გაბერილი სამუშაო ადგილების შექმნით. ეს პირდაპირი დარტყმაა სამთამადნო ბიზნესის განვითარების პერსპექტივაზე.
ასევე, გვინდა ვთხოვოთ არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს გაითვალისწინონ, რომ არცერთი უფლების დაცვა არ ხორციელდება მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების ხარჯზე და ინვესტორს უფლება აქვს კანონის ფარგლებში ისე დაგეგმოს საკუთარი საქმიანობა, რომ საბოლოოდ იგი ეკონომიკურად მომგებიანი და რენტაბელური იყოს. სწრედ ესაა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ძირეული პრინციპი.
საწარმოს მენეჯმენტისთვის გასაგებია იმ ადამანთა უკმაყოფილება, რომლებიც საწარმოში მიმდინარე ოპტიმიზაციის გამო იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა, ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ე.წ. კაზრეთის თემა სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების სამიზნე და გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებისა და სპეკულაციების წყარო გახდა. ამას ემატება მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები, რამაც ჩვენის აზრით წაახალისა ის ძალები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის საბოტაჟით არიან დაინტერესებულნი. მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს საჭიროა საზოგადოების მხრიდან უფრო გონივრული მიდგომა პრობლემისადმი, რათ დაცული იქნას როგორც სახელმწიფოს სტაბილურობა, ისე რიგითი მოქალაქებისა და ბიზნესის ინტერესები. ამის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის გაჯანსაღება და სოციალური ფონის გაუმჯობესება.
იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს დღეებში მოლაპარაკების გზით, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის სწორი, აქტიური პოზიციითა და მედიის მხრიდან ობიექტურობობის დაცვით, მოხდება კონსესუსის მიღწევა და დავუბრუნდებით ნორმალურ სამუშაო რეჟიმს. – ნათვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობა გაავრცელა.

Share.

Comments are closed.