კომპანია RMG პროცესების ხელოვნურად გამწვავებას მიზანმიმართულ ქმედებად და ბიზნესზე ზეწოლად მიიჩნევს

0

28 თებრვალს, 12 საათზე კომპანია RMG-ის ოფისში ბოლო დროს დაბა კაზრეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
„კომპანია პროცესების ხელოვნურად გამწვავებას მიზანმიმართულ ქმედებად და ბიზნესზე ზეწოლად მიიჩნევს.”- აღნიშნულია პრესრელიზში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა.

კომპანია RMG-ის მოქმედი და გათავისუფლებული თამანშრომლების გაფიცვა 14 თებერვალს დაიწყო და ნელნელა მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა. დაბა კაზრეთი, სადაც ერთადერთი მსხვილი დამსაქმებელი ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი საწარმოა პარალიზებულია, შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებში, დახურულია კომერციული ობიექტების ნაწილი. ბოლო ერთი კვირაა მიდის მოლაპარაკებები გაფიცულებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის, თუმცა ამ დრომდე არცერთ მოლაპარაკებას შედეგი არ გამოუღია, პროტესტი დღითიდღე მწვავდება.  რამდენიმე მუშა დღემდე შიმშილობს. მოლაპარაკებებში ჩაერთო სახელისუფლებო სტრუქტურები, აქციის მონაწილეები ადგილზე მოინახულა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგელის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ. შედგა ორი შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში. მხარის გუბერნატორის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით ბოლო შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებსა და აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შორის 26 თებერვალს გაიმართა, რომელიც 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა კვლავ უშედეგოდ.

„შევხვდით გუბერნატორს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარესთან ერთად, კომპანიის წარმომადგენლები 44 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას დაგვპირდნენ, ასევე აღნიშნეს, თუ საწარმოში  მდგომარეობა გამოსწორება, ეტაპობრივად ყველა თანამშრომელი აღდგებაო, თუმცა მუშა-მოსამსახურე უნდობლობას უცხადებს ამ ფაქტს, გუბერნატორმა ამ საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თავად აიღო. მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია ადმინისტრაციის შეცვლასთან დაკავშირებით, რომელიც გაჟღერდა. კომპანია წავიდა იმ დათმობაზე, რომ მოხდება რამდენიმე ადამიანის გაშვება, თუ იქნება მუშა-მოსამსახურის მხრიდან ყველა იმ ბრალდების წერილობითი დასაბუთება, რასაც მათ უყენებენ. იმედი მაქვს დიალოგის რეჟიმში საბოლოო შეთანხმება მოხდება“.- აღნიშნა RMG კოპერის პროფკავშირების თავმჯდომარემ ცირა მენთეშაშვილმა.

27 თებერვალს გაფიცული მუშების მოთხოვნების გასაცნობად დაბაში სახალხო დამცველი ჩავიდა.

„სიტუაცია დღეის მონაცემებით უკიდურესად მძიმეა, მალე შეიძლება პროცესები უმართავი გახდეს, ადგილი აქვს მუშა-მოსამსახურეების უფლებების უხეშ დარღვევას და მასობრივ გათავისუფლებას, მნიშვნელოვანია მათი მოთხოვნები, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს, მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ შეჩერებულია სასწავლო პროცესი. ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა.  ვფიქრობდი რომ აქ დამხვდებოდა ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი.  ჩამოვედი რომ მოვისმინო და ადგილზე შევისწავლო ყველა მხარის პოზიცია. პრობლემები ბევრია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაგროვდა.  საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ დაიწყონ სიტუაციაში გარკვევა და მოლაპარაკების დაწყება საწარმოს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სწორედ მთავრობის პოზიცია, საგანგებო სიტუაციების დროს მთავრობა მედიაციაში უნდა ჩაერთოს, დიალოგი უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება პროცესები უმართავი გახდეს.”- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი კომპანიის ადმინისტრაციულ შენობაში არ შეუშვეს, იმ მოტივით, რომ ადგილზე პასუხისმგებელი პირები არ იმყოფებოდნენ.

 


Share.

Comments are closed.