„ვისაც არ განუცდია ალბათ ვერც მიხვდება თუ რა მძიმეა უცხო ქვეყანაში ყოფნა. ეს ენით აუღწერელი ტკივილია“

0

ქართველები საზღვარგარეთ

ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარი ბოლნისზე და ბოლნისელებზე უსაზღვროდ შეყვარებული მალვინა სულწაძეა, რომელიც უკვე მეხუთე წელია უცხო ქვეყანაშია და საკუთარ ოჯახზე, სამშობლოზე ფიქრით, მონატრებით სავსე ტკივილს გულით ატარებს. ქალბატონი მალვინა 1953 წელს ბოლნისის რაიონში დაიბადა, 1970 წელს დაამთავრა 1 საჯარო სკოლა, სხვადასხვა წლებში მუშაობდა ცენტრალურ უნივერმაღში, სოფელ ზვარეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად, ქვ. ბოლნისის საშუალო სკოლაში საქმეთა მმართველად. მისი ტკივილითა და სირთულეებით სავსე ცხოვრება ბოლო წლებში შექმნილმა პრობლემებმა, კიდევ უფრო დაამძიმა, რამაც იძულებული გახადა მიეტოვებინა საკუთარი ოჯახი და სამუშაოდ საზღვარგარეთ წასულიყო. „ვისაც არ განუცდია ალბათ ვერც მიხვდება თუ რა მძიმეა უცხო ქვეყანაში ყოფნა. ეს ენით აუწერელი ტკივილია“. ამბობს ჩვენი რესპოდენტი.

_გამარჯობა ქალბატონო მალვინა, როგორ ბრძანდებით?

_ არა მიშავს, კარგად ვარ, ამას თუ კარგად ყოფნა შეიძლება უწოდო. იცით როგორ მიყვარს ბოლნისი და ბოლნისელები? მიყვარხართ ყველა და ბედნიერი ვარ,  რომ გაგახსენდით.

_ გმადლობთ თქვენ, რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ. მოგვიყევით სად ხართ და რას საქმიანობთ?

_ ამჟამად  ვიმყოფები თურქეთის ქალაქ ორდუში.  ვმუშაობ  მოხუცის მომვლელად. მეხუთე წელია  წამოსული ვარ საქართველოდან. პირველი სამი წელი სხვა ოჯახში ვიმუშავე. შემდეგ ვიზები დაუშვეს, იმ ოჯახმა ვერ შეძლო ჩემთვის ვიზის აღება, ამიტომ მომიწია იქიდან წამოსვლა და უკვე ერთ წელზე მეტია ამ ოჯახში ვმუშაობ.

_ რთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ?

_ კი, ძალიან დატვირთული ვარ, მთელი დილა საქმე მაქვს, შუადღეს ნახევარი საათით ვთავისუფლდები და შემდეგ გვიან ღამემდე ისევ საქმეში ვარ. სახლიდან გარეთ არ გავდივარ, დასვენების დღეებსაც არ ვიღებ. შაბათ დღესაც დასვენების მაგივრად ვმუშაობ 50 ლარის გულისთვის. ნამდვილად ტანჯვაა და გულისტკივილი. პატიმარივით კალენდარზე  ვხაზავ დღეებს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ წავიდოდი საზღვარგარეთ და მომვლელად ვიმუშავებდი, მაგრამ ცხოვრება ასეთი ყოფილა.

_ გეთანხმებით, რთულია ცხოვრება რომელიც ხშირად გვაიძულებს მივიღოთ მძიმე და რთული გადაწყვეტილებები. რამ მიგაღებინათ გადაწყვეტილება, რომ წასულიყავით საზღვარგარეთ? მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი განვლილი ცხოვრების შესახებ.

_ ძალიან რთული ცხოვრება მქონდა. მყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე, მოსიყვარულე და ოჯახის ნამდვილი ბურჯი, რომელიც 1988 წელს გარდაიცვალა, დავრჩი მარტო, ჩემს ერთადერთ შვილთან ერთად,  ტკივილით სავსე, გაუსაძლის მდგომარეობაში. მოგეხსენებათ იმ წლებში არეულობა იყო ქვეყანაშიც. ჩემმა შვილმა 1990 წელს სკოლა დაამთავრა და ჩააბარა იურიდიულზე, აღარც მამა ჰყავდა, ჩემი წვალებით მოწყობილი სახლიც მაზლმა მიისაკუთრა.  მუშაობა სკოლაში დავიწყე, ჩემი ხელფასი 14 ლარი იყო. შაბათ-კვირას  სომხეთში მივდიოდი, პროდუქტს ვყიდდი და იქიდან ყველი, პური და სხვა პროდუქტი მომქონდა. ასე დავამთავრებინე ჩემს შვილს ინსტიტუტი. ღვთის წყალობით მეგობრებიც კარგი მყავდა, მეხმარებოდნენ და მამხნევებდნენ. აქ წამოსვლამდე  მქონდა მაღაზია, რომელსაც ბანკიდან აღებული სესხით ვამუშავებდი. ერთ დღეს გამყიდველს ელექტროგამათბობელი დარჩა ჩართული და მთელი მაღაზია დაიწვა. დავრჩი უიმედოდ. ბანკის ვალს სხვაგვარად ვეღარ დავფარავდი და გადავწყვიტე საზღვარგარეთ წამოსვლა.

_ გაგიჭირდათ უცხო გარემოსთან შეგუება?

_ ძალიან გამიჭირდა და როგორც უკვე გითხარით ახლაც მიმძიმს. ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს ჩემთვის, როგორც მაშინ, ახლაც დიდი ტკივილის ტოლფასია, რომელსაც ემატება ის უსაზღვრო დარდი და ტკივილი, რაც აქ ყოფნის პერიოდში მოხდა. დამეღუპა ძმა, დედა, დის შვილიშვილი, ბიძაშვილები. ეს ყველაფერი ჩემთვის სიკვდილს უდრიდა, მაგრამ ისევ და ისევ ოჯახზე ფიქრმა დამაყენა ფეხზე და გამაძლიერა უფალმა.

_ თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

_  მყავს ერთი ვაჟიშვილი, რომელსაც ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და უსაყვარლესი შვილები. სწორედ მათი სიყვარული და მათზე ფიქრი მაძლებინებს აქ.

_ რაც შეეხება იმ ოჯახს, სადაც ახლა ხართ. როგორ მიგიღეს, კარგი ხალხი შეგხვდათ?

_  რომელ მოხუცსაც ვუვლი, 10 შვილი ჰყავს. 5 შვილი ავსტრიაში ცხოვრობს. მას აქ ერთოთახიანი ბინა უყიდეს და მომვლელად ამიყვანეს. ნახეს რომ კარგად ვუვლი, მედიცინაშიც ვერკვევი და ძალიან შემიყვარეს. მითხრეს, არ ვიცოდით ქართველები ასეთი კარგი ხალხი თუ იყავითო. საახალწლოდ საჩუქრები მომიტანეს, ყოველთვის ყურადღებას იჩენენ. ზაფხულში ჩემი ოჯახი დაპატიჟეს და დაასვენეს. არ მაგრძნობინებენ რომ უბრალოდ მომვლელი ვარ, თავს ოჯახის წევრად ვგრძნობ.

_ თქვენთან ახლოს ქართველები ცხოვრობენ?

_ ახლოს არა, თუმცა ამ ქალაქში რამდენიმე ბოლნისელი ვართ. ძირითადად ტელეფონის საშუალებით ვკონტაქტობთ, დაბადების დღეებს ერთად აღვნიშნავთ და ერთი საათით ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს შესვენებისას. ისინიც ოჯახებში მუშაობენ, თუმცა ზოგიერთს ძალიან ცუდი პირობები აქვს.

_ ქალბატონო მალვინა, მითხარით დასვენების დღეებს არ ვიღებ და შაბათს 50 ლარის გულისთვის ვმუშაობო. რატომ, დაბალია ანაზღაურება თუ გართობის სურვილი არ გაქვთ?

_ არა, ანაზღაურება კარგი მაქვს სხვებთან შედარებით. უბრალოდ  გარეთ გასვლის სურვილი არ მაქვს. ბოლნისში გავლაც მიხაროდა, საყვარელი ხალხის შეხვედრა და საუბარი მახარებდა, აქ ყველაფერი უფერულია ჩემთვის. თან შაბათს ჩემთან მოდიან ბოლნისელი ქალები, ინტერნეტის საშუალებით თავიანთ შვილებს ეხმიანებიან, ვსაუბრობთ საკუთარ განცდებზე, ვამხნევებთ და ვაძლებინებთ ერთმანეთს. ძალიან მეცოდება ყველა ქართველი ქალი, ვინც სამშობლოდან ჩემსავითაა გადახვეწილი.

_ რა არის თქვენი ყველაზე დიდი ტკივილი და სიხარული?

_ რთული ცხოვრება მქონდა, ჩემი ცხოვრების მანძილზე მრავალი ტიკივილი გადამიტანია, ძალიან მიჭირდა,  არასოდეს არავინ შემიწუხებია, მაგრამ  ყველაზე დიდი ტკივილი ჩემი დედმამიშვილები იყვნენ, რომლებიც უდროოდ გარდამეცვალნენ და მეც ასეთი ტკივილით დავდივარ ამ ქვეყანაზე. ასევე ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი საქართველოს მდგომარეობაა. მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ ჩემი სამშობლო გამთლიანებული და აღორძინებული ვნახო. ყველაზე დიდი სიხარული კი ჩემი შვილიშვილებია, როდესაც ინტერნეტით მათ ხმას გავიგებ ვწყნარდები და მაშინ მინდა სიცოცხლე.

_ რაზე ოცნებობთ?

_ვოცნებობ გაბრწყინებულ საქართველოზე და ყველა ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნებაზე. ვოცნებობ როდის დავუბრუნდები ჩემს საყვარელ სკოლას, მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახს და ბოლნისს.

_   ყველაზე მეტად ვინ და რა გენატრებათ და რით იქარვებთ ნოსტალგიას?

_ ყველაზე მეტად ბოლნისი, ჩემი მეგობრები, სკოლა და სკოლის თანამშრომლები მენატრება. ნოსტალგიას კი ინტერნეტის საშუალებით  ვიქარვებ. როდესაც ძალიან დავიღლები და ჩამოვჯდები იმწუთას ფიქრებს ჩემს საყვარელ ადამიანებთან მივყავარ, მაშინვე ვრთავ კომპიუტერს და  ვეხმიანები მათ.

_  მოგეხსენებათ საქართველოში დასაქმება დიდ პრობლემას წარმოადგენს. უამრავი ადამიანია უმუშევარი… მანდ რამდენად ადვილია სამსახურის შოვნა და როგორია ანაზღაურება?

_  აქაც ძალიან ძნელია მუშაობის დაწყება. აქედანაც ბევრი ადამიანია საზღვარგარეთ წასული იმისთვის, რომ ოჯახები არჩინონ.  ქართველები ვეხმარებით ერთმანეთს სამსახურის შოვნაში. ძირითადად  ძიძებად ან მოხუცების მომვლელებად მუშაობენ და 400 დოლარი აქვთ ხელფასი.

_ სამშობლოში  დაბრუნებას როდის  აპირებთ?

_  ორი წელი აქვს კიდევ ჩემს ვიზას ვადა და ალბათ ვადის გასვლის შემდეგ  დავბრუნდები,  მანამდე კი  5 დღიანი შვებულებით ჩამოვალ  სააღდგომოდ. მოვეფერები ჩემს საყვარელ სამშობლოს, მეგობრებს, თანამშრომლებს, ჩემს ოჯახს.

ღმერთო შენ ააღორძინე და ააყვავე საქართველო, რომ არცერთ ქართველს  აღარ დასჭირვებოდეს ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწა.  ვისაც არ განუცდია, ვერც მიხვდება თუ რა მძიმეა უცხო ქვეყანაში ყოფნა. ეს ენით აღუწერელი ტკივილია. დიდი მადლობა თქვენ, რომ გაგახსენდით და ჩემით დაინტერესდით. მოკითხვა ბოლნისს და ბოლნისელებს.  მალე დავბრუნდები, ჩემო ბოლნისელებო,  მიწას  ვემთხვევი  და  შენდობას ვთხოვ რომ მივატოვე ჩემი მიწა-წყალი. ჩემო საყვარელო მეგობრებო ერთ სულზე ვარ,  როდის გნახავთ, რომ შეგკრიბოთ ყველა და მოგეფეროთ. გკოცნით და მიყვარხართ…..კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და  ,, გაზეთ ბოლნისს“ ამ კარგი წამოწყებისთვის.

_ გაიხარეთ,  მადლობა სასიამოვნო და გულახდილი საუბრისათვის, ღმერთმა გისმინოთ და გაგაძლიეროთ.

 ნინო კარგარეთელი

 

 

Share.

Comments are closed.