ბოლნისში ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევებმა იმატა

0

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში 100-ზე მეტი ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტია პირველად აღრიცხვაზე აყვანილი.

გასულ წლებში პირველ ადგილზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები იყო, რომელიც ძირითადად მამაკაცებში აღინიშნებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს დაავადება ფიქსირდება, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში და ახალგაზრდებშიც. 2013 წლის მონაცემებით პირველ ადგილზე ონკოლოგიური დაავადებებია.

მსოფლიო ჯანდაცვის მონაცემებით ონკოლოგიური დაავადებები XXI საუკუნის ეპიდემიადაა მიჩნეული.

„ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ ონკოლოგიური დაავადებების კუთხით, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედებდა და კვლავაც გრძელდება სკრინინგის პროგრამა, რომელიც ემსახურება სიმსივნური დაავადებების ნაადრევ აღმოჩენას. ამ პროგრამის ფარგლებში ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით სრულიად უფასოდ ხდება   სარძევე ჯირკვლების, საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელისა და  მსხვილი ნაწლავის, მამაკაცებში კი პროსტატის ადენომის გამოკვლევები. აუცილებელია  45 წლის ასაკის შემდეგ წელიწადში ორჯერ ყველამ გაიაროს სამედიცინო გამოკვლევა ზემოთ აღნიშნულ დაავადებებზე, რადგანაც მათი ადრეული აღმოჩენა არის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალება. ეს ისეთი დაავადებაა, რომ სიმპტომები მხოლოდ გართულებულ სტადიაში იჩენს თავს და მკურნალობაც ხშირ შემთხვევაში დაგვიანებულია. ამიტომ ადრეული აღმოჩენა ძალიან დიდ შანსს ტოვებს იმისა, რომ ამ დაავადებებისგან არა მარტო  იმკურნალონ, არამედ განიკურნონ კიდეც“. – აღნიშნა ბოლნისის რაიონული საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ქირურგმა ზურაბ კორინთელმა.


Share.

Comments are closed.