ბოლნისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ახალ ავტომობილებს ელოდებიან

0

1 თებერვლიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური კერძო სადაზღვევო კომპანიებს გამოეყო და სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა. სამსახურმა სახელიც შეიცვალა და ამიერიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის სახელით იფუნქციონირებს. შეიცვლება მოძველებული სასწრაფო დახმარების მანქანებიც, ბოლნისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრს მალე ახალი სამედიცინო ინვენტარით აღჭურვილი მანქანები ეყოლება.

გასულ წელს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური რამდენჯერმე მოექცა ჯანდაცვის მინისტრის კრიტიკის ქვეშ.

„სასწრაფო დახმარების მანქანები გამოძახების ადგილზე ხშირად საერთოდ არ მიდიან, ან – მიდიან, მაგრამ დიდი ხნის დაგვიანებით“ – განაცხადა სერგენკომ ერთ-ერთ პრესკომფერენციაზე.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალი სამსახურის შექმნის შემდეგ, გამოძახებაზე გასვლა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით მოხდება.

“კრიტიკა შეეხება ყველა პარამეტრს. რაიონული სასწრაფო დახმარება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვერც ავტოპარკით და ვერც ვერანაირი პარამეტრით. სახელმწიფო ასრულებს თავის ვალდებულებას და ზრუნავს იმაზე, რომ ეს სერვისები გამართულად მუშაობდეს. ამის ერთ-ერთი ნაწილია ავტოპარკის განახლება”, – განაცხადა მინისტრმა 2013 წლის მიწურულს.

გარდა ავტოპარკის განახლებისა, მინისტრის განცხადებით სისტემატიურად მოხდება სასწრაფოს მედ-პერსონალის გადამზადება.

ხათუნა ლობჟანიძე, ბოლნისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის მენეჯერი:

_ კარგ სიახლეებს გვპირდებიან, მედ-პერსონალს ხელფასების ლოდინი თვეობით აღარ მოუწევთ, კუთვნილ თანხას ისინი ყოველი თვის 10 რიცხვში მიიღებენ. შეიცვალა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, იმუშავებს ცვლის სამსახური, რომლის დახმარებითაც პაციენტის სურვილისამებრ მოხდება საავადმყოფოს შერჩევა და მისი ჰოსპიტალიზაცია, იგეგმება მედ-პერსონალის გადამზადებაც.


Share.

Comments are closed.