ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დღეს 6 სოფლის მოსახლეობის პრობლემები მოისმინა

0

DSC_2634სოფელ მამხუტის შემდეგ კრების ოქმები კიდევ სამ სოფელში შედგა. ქვემო არქევანის მაცხოვრებლებმა წელს გამოყოფილი თანხებით სოფელში არსებული სამ კილომეტრიანი სარწყავი არხის გაწმენდა ითხოვეს, რომელიც ბოლოს 30 წლის წინ გაიწმინდა. გარდა ამისა, სოფელში გასულ წელს ჭაბურღილი დამონტაჟდა, რომელსაც რეზერვუარი ესაჭიროება. მოსახლეობა აღნიშნული საკითხის მოგვარებასაც ითხოვს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრა ობოლაძე ქვემო არქევანის საჯარო სკოლის პედაგოგებსაც შეხვდა და სკოლაში არსებულ პრობლემებს გაეცნო. პედაგოგები სკოლის ეზოში მდებარე მოძველებული სპორტული მოედნის კეთილმოწყობას ითხოვენ. ასევე, პროექტის „ქართული ენა, როგორც მეორე სახელმწიფო ენა“ პედაგოგმა მუნიციპალიტეტში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში არქევანის სკოლის მოსწავლეების აქტიურად ჩართვა ითხოვა. რაც შეეხება ზემო არქევანს და ხატავეთს, ძირითადი მოთხოვნა სოფლის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეეხებოდა. გასულ წელს აღნიშნულ სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით  შიდა გზების მოხრეშვის სამუშაოები განხორციელდა, თუმცა თანხის სიმცირის გამო პროექტის დასრულება ბოლომდე ვერ მოხერხდა.

„დღეიდან, ათი მარტის ჩათვლით, უნდა მოხდეს სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრა და პრიორიტეტების გამოვლენა. მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც გადაიგზავნება ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მთავრობის სხდომაზე  დამტკიცდება თანხები და ამის შემდეგ დაიწყება აღნიშნულ სოფლებში პრობლემების მოგვარება. აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესებში, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თითოეული მოსახლის აზრი და შესაბამისად გავითვალისწინებთ და განხორციელებული იქნება მათი მოთხოვნა“. – განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დავით ასპანიძემ.

ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ სოფელ ტალავერის მოსახლეობის პრობლემებიც მოისმინა. სოფელი, სადაც 1500 ოჯახი ცხოვრობს, სასმელი წყლის სიმცირეზე საუბრობს. ტალავერში 36 წყაროა, საიდანაც სარგებლობს მოსახლეობა, ადგილობრივები  არსებული ჭაბურღილების შეკეთებას და ჩაღრმავებას ითხოვენ ხუთი ჭაბურღილიდან ოთხი მწყობრიდან არის გამოსული, სოფელში წყლის ორი მაგისტრალია, ერთი თვითდინებით მოდის, რომელზეც 80 ოჯახს უკანონოდ აქვს დაერთებები გაკეთებული. ადგილობრივების აღნიშვნით სწორედ ეს იწვევს სოფელში სასმელი წყლის ნაკლებობას, ისინი უკანონო დაერთებების ჩაჭრას ითხოვენ, რომლის მოგვარებასაც დაჰპირდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. სასმელი წყლის დებეტმა რომ მოიმატოს ამისათვის სათავე ნაგებობის გაწმენდაც მოითხოვეს. მოსახლეობამ სასაფლაოს შემოღობვის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. სოფელში უკანონო ნაგავსაყრელის პრობლემაც დგას, მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ახლო მდებარე ხევებში ყრის, რადგან იქ არც ურნებია და არც ნაგვის გამტანი მანქანა დადის.

„რამდენიმე საკითხი იქნა დაყენებული შეხვედრაზე, ერთ-ერთი სასმელი წყლის პრობლემას შეეხებოდა. სოფელში ხუთი ჭაბურღულია, საიდანაც ერთი მუშაობს მხოლოდ, მოსახლეობა ძველი ჭაბურღილების რეაბილიტაციას,  წყლის მაგისტრალზე უკანონო დაერთებების ჩაჭრას და  სასაფლაოს შემოღობვას ითხოვს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდება პრიორიტეტის შერჩევა და დაფინანსდება ის პროექტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.

დღეს მოსახლეობასთან  შეხვედრა სოფელ სავანეთში დასრულდა. სოფელში  420 ოჯახი ცხოვრობს, ადგილობრივები საძოვრების ნაკლებობაზე საუბრობენ.  წლების წინ სოფელს 400 ჰექტარი საძოვარი ეკუთვნოდა, მოხდა ფართობების შესყიდვა, ამიტომ მათ მფლობელობაში მხოლოდ 60 ჰექტარი  დარჩა, სწორედ ამ საკითხის მოგვარება ითხოვეს ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. სოფლის მოსახლეობამ შიდა გზების  მოწესრიგება და სასაფლაოს შემოღობვაც ითხოვა.

DSC_2665

DSC_2660

DSC_2654

DSC_2605

DSC_2614

DSC_2621

DSC_2624

DSC_2652

DSC_2647

DSC_2641

DSC_2638


Share.

Comments are closed.