ბოლნისის კულტურის სახლში მორიგი კინოჩვენება მოეწყო

0

DSC_2348ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და  კულტურის სახლის  ორგანიზებით  კულტურის სახლში  მესამე კინოჩვენება მოეწყო. ამჯერად ნაჩვენები იქნა კომედიური დრამა „ხელშეუხებელი“. ფილმი ოლივერ ნაკაშისა და ერილ ტოლედანოს რეჟისორობით 2011 წელსაა გადაღებული და მასში ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული მდიდარი არისტოკრატის ფილიპის ცხოვრება, რომელიც დამხმარედ აიყვანს ციხიდან ახლად გამოსულ ახალგაზრდა არაბ დრისის, რომელიც საკუთარი ქცევებითა და ხასიათით ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულ ფილიპს ცხოვრების ხალისს დაუბრუნებს. კინოჩვენების შემდეგ დარბაზში მყოფ ახალგაზრდებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა. როგორც კინოჩვენების ორგანიზატორებმა აღნიშნეს ეს ახალი წამოწყება ემსახურება ბოლნისში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურებას, ერთობლივად  მსჯელობასა და ფილმში წამოჭრილ ამა თუ იმ თემაზე საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებას.

„ჩვენ უკვე მესამე კინოჩვენება მოვაწყვეთ, ნაჩვენები იყო კომედიური დრამა სახელწოდებით „ხელშეუხებელი“, რომელიც ისევ და ისევ ახალგაზრდების მოთხოვნით გავუშვით, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო დღეს ძალიან ცოტა მაყურებელი გვყავდა. იმედია, რომ ახალგაზრდები გააქტიურდებიან და დაესწრებიან კინოჩვენებებს. ჩვენი მიზანია ამ წამოწყებით  ახალგაზრდებს მოვუხსნათ კომპლექსი, რათა მიეჩვიონ ერთობლივად მსჯელობას, საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვას. ისწავლონ თუნდაც მოსმენის კულტურა  და მეგობრული დამოკიდებულება. ჩვენ კი ვეცდებით მათთვის საინტერესო, აქტუალურ და პრობლემატურ თემებზე ვაჩვენოთ ფილმები. გარდა ამისა ამინდის დათბობის შემდეგ გვინდა რომ პატარებისთვის მოვაწყოთ ანიმაციური ფილმების ჩვენებაც.“- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მენეჯერმა მზევიკო ხომასურიძემ.

შეგახსენებთ რომ მორიგი კინოჩვენება შემდეგ ხუთშაბათს 15 საათზე მოეწყობა.


Share.

Comments are closed.