ბოლნისის კულტურის სახლში ახალგაზრდებისთვის კინოჩვენება მოეწყო

0

„ძალიან მომეწონა იდეა კინოჩვენებასთან დაკავშირებით, ფილმი ჩემი აზრით ყველამ უნდა ნახოს. განსაკუთრებით კი ჩვენი ასაკის ბავშვებმა. კარგი იქნება თუ ამ პროექტს სისტემატური სახე მიეცემა“. _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას 15 წლის ნათია ჩაგელიშვილმა.

კლინტ ისტვუდის დრამატული ჟანრის ფილმი „დაუმორჩილებელი“  2009 წელს სტუდია „Warner Bros Picteres“-მა გადაიღო. მასში მთავარ როლებს მორგან ფრიმანი, მეთ დეიმონი, ტონი კგოროგე, პატრიკ მოფოკენგი, მეთ შტერნი, ჯულიან ლუის ჯონსი ასრულებენ.

ფილმი არის აპარტეიდის დაცემის შემდგომი პერიოდის შესახებ, როდესაც სამხრეთ აფრიკამ 1995 წელს ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში. ეს არის ნელსონ მანდელას პირველი საპრეზიდენტო ვადა, როდესაც ის ყველანაირი ძალებით ცდილობს შეაჩეროს მრავალწლიანი გაუგებრობა თეთრკანიან და შავკანიან მოსახლეობას შორის.

„ფილმში ყველაზე მეტად მომეწონა პრეზიდენტის დამოკიდებულება ხალხისადმი. ის უბრალო ხალხთან ურთიერთობს და ყველაფერს აკეთებს მათი კეთილდღეობისთვის. ჩემი აზრით ყველა ასე უნდა იქცეოდეს. ფილმის მთავარი პერსონაჟი მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი ციხეში იჯდა, მაინც არ დაითრგუნა, პირიქით მთელი მონდომებით დაიწყო მისი ქვეყნის გადარჩენა. ძალიან ვისიამოვნე, საინტერესო ჟანრის ფილმი იყო, თუმცა ვისურვებდი, რომ შემდეგი კინოჩვენება უფრო სახალისო თემაზე ყოფილიყოს“, _ აღნიშნა 15 წლის თამთა ანდრიაძემ.

მხატვრული ფილმის ჩვენებაზე მოწვეული იყვნენ ბოლნისის სკოლებიდან როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მოსწავლეები. ჩვენების დასრულების შემდეგ ფილმის ირგვლივ დისკუსია გაიმართა.

„ახალგაზრდებს შორის შედგა დისკუსია ფილმში წამოჭრილ საკითხებზე. მათ შორის ერთ-ერთი იყო შავკანიანებსა და თეთრკანიანების დისკრიმინაციაზე, მათ უფლებებზე.  ვისაუბრეთ სხვადასხვა ეროვნებების ინტეგრაციასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ მოწვეული გვყავს ბოლნისის სოფლებიდან აზერბაიჯანული ეროვნების სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც ძალიან კარგად საუბრობენ ქართულად.

ასევე ვისაუბრეთ სპორტის თემაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რომელიც ხაზგასმითაა წამოწეული ამ ფილმში. ასეთი სახის პროექტებით ვეცდებით გავააქტიუროთ ახალგაზრდები და დავანახოთ, რომ კულტურის სახლი მათი შენობაა და  ყველა  ინიციატივას  მხარს ვუჭერთ. მთავარია ახალგაზრდები აგვყვნენ და ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ  თითოეულის აზრი და მოვაწყოთ მათთვის სასურველი კინოს ჩვენება თუ ღონისძიება“. – განაცხადა პროექტის ფასილიკატორმა თამარ ბობოხიძემ.

კინოჩვენება ახალგაზრდებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის ორგანიზებით სისტემატიურ სახეს მიიღებს და თვეში ორჯერ მოეწყობა. აღნიშნული პროექტის მიზანია საინტერესო და აქტუალური თემების განხილვებში ახალგაზრდების ჩართლობა. ორგანიზატორებთან თანამშრომლობს რესურსცენტრი, რომელიც ჩვენებებზე უფროსკლასელთა აქტივობას შეუწყობს ხელს. როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, შემდგომში ნაჩვენები იქნება ქართული ფილმები,  იგეგმება მსახიობების ჩამოყვანა და მათი მონაწილეობით დისკუსიის გამართვა.

ნინო კარგარეთელი


Share.

Comments are closed.