2015 წელს თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) პირველად კავკასიაში ყოველწლიურ შეხვედრას (Annual Meeting) გამართავს

0

EBRD-MOF-1მიმდინარე წლის 28 იანვარს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ თბილისში, კავკასიის რეგიონში პირველად, გასამართ ყოველწლიურ შეხვედრასთან და ბიზნესფორუმთან დაკავშირებით გააკეთეს სპეციალური განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, საქართველოს მმართველმა EBRD-ში,  ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურმა  დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ (Bruno Balvanera).

წლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის გამართვა დაგეგმილია 2015 წლის 14-15 მაისს. EBRD-ის წევრია 64 ქვეყანა და 2 საერთაშორისო ორგანიზაცია (EU და EIB). თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ EBRD-ის  მმართველები, რომელთაგან 34 ფინანსთა მინისტრია, აგრეთვე ალტერნატიული მმართველები, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  სხვა ოფიციალური პირები.

თბილისში EBRD-ის 2015 წლის წლიური შეხვედრის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება EBRD-ის მმართველთა საბჭომ მიიღო. აღნიშნულზე განცხადება  EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დავოსში ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.

საქართველომ თბილისში შეხვედრის ორგანიზებაზე ოფიციალურად განაცხადი გააკეთა 2013 წლის მაისში. ამავე წლის სექტემბერში თბილისში იმყოფებოდა EBRD-ის მისია, რომელმაც შეისწავლა წლიური შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებული  შესაძლებლობები, რაც EBRD-ის მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძელით და 2015 წელს თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა იმართება. ეს პირველი ასეთი მასშტაბის შეხვედრაა კავკასიის რეგიონში. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ 2015 წლის მაისში საქართველო იქნება მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიების ეპიცენტრი და ჩვენს ქვეყანას ეძლევა შანსი უპრეცედენტო მნიშვნელობის ინვესტიციების მოზიდვის“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„მოხარულები ვართ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა პირველად იმართება კავკასიაში და მას საქართველო მასპინძლობს. ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა საქართველოს მიღწევებისა, როგორც ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყნისა, დემოკრატიული ქვეყნისა, რომელმაც მშვიდობიანი გზით შეძლო ხელისუფლების შეცვლა.  ამავე დროს, ესაა სერიოზული ვალდებულება, რომლისთვისაც საქართველო მზად აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ მხარდაჭერა EBRD-ის წევრი ქვეყნებისა იყო ერთსულოვანი,“ – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურმა  დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.

განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურმა  დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.

2013 წელს  წლიური შეხვედრა თურქეთში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა დაახლოებით 1200 სტუმარი. 2014 წელს წლიური შეხვედრა გაიმართება ვარშავაში (პოლონეთი) 14-15 მაისს, სადაც საქართველო ასევე წარმოდგენილი იქნება როგორც EBRD-ის მომავალი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა.

საქართველო EBRD-ში 1992 წელს გაწევრიანდა. საქართველოს მმართველს EBRD-ში წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ალტერნატიულ მმართველს – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. საქართველო შედის EBRD-ის ჯგუფში, რომელიც შედგება ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, სლოვაკეთის და ხორვატიის ქვეყნებისაგან. საქართველოს EBRD-ის ბორდზე როტაციის სქემის მიხედვით წარმოადგენს უნგრელი და ჩეხი აღმასრულებელი დირექტორი.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა ტარდება EBRD-ის შტაბ-ბინაში ლონდონში ან მონაცვლეობით წევრ ქვეყნებში. აღნიშნულ შეხვედრებზე იკრიბებიან სამთავრობო დელეგაციები და თანმდევ ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები. სტუმრების რაოდენობა შეადგენს 1200-დან 1500 კაცამდე.

EBRD საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც ფინანსური თანამშრომლობის კუთხით, ასევე ევროპასთან ურთიერთობის განვითარების მიმართულებით. EBRD-ის მიერ დღემდე  საქართველოში დაფინანსებულია დაახლოებით 1.8 მილიარდი ევროს ღირებულების 165-ზე მეტი პროექტი, დაფინანსების 81% მოდის კერძო სექტორზე.

2013 წლის 4 სექტემბერს EBRD-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ახალი სტრატეგია საქართველოსთვის, სადაც გაწერილია EBRD-ის პრიორიტეტები 2013-2016 წლებში. სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია კერძო ინვესტიციების წახალისება, ენერგოსექტორის მოდერნიზაცია და საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა – საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის განვითარება.

EBRD შეიქმნა 1991 წელს და თავის საქმიანობას ახორციელებს 34 ქვეყანაში. დღემდე EBRD-ის მიერ დაფინანსებულია დაახლოებით 85 მილიარდი ევროს ღირებულების 4 ათასამდე პროექტი.


Share.

Comments are closed.